ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-12-11

შემოდგომის ლეგენდა წარმატებაზე

ახალი სახეები... ახალი სახელები... შენი ხელწერა

7 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2011“ გამარჯვებულთა დაჯილდოების საღამო გაიმართა. კონკურსის ლიტერატურული ჟიურის გადაწყვეტილებით შემოდგომის ლეგენდა 2011 იოანე (ივა) ფეზუაშვილი (თეატრალური უნივერსიტეტი) გახდა, ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილები შესაბამისად მაგდა ბატიაშვილმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ნინო ტეფნაძემ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) გადაინაწილეს.

დაჯილდოების საღამო კონკურსის იმპროვიზაციული ტურის ფოტოგამოფენით გაიხსნა. ფოტოებზე ლოპოტას ტბაზე 15 ფინალისტის წერის პროცესი და წინა საღამოს გამართული ლიტერატურული საღამო აისახა. ღონისძიებაზევე შედგა კონკურსის 2011 წლის ბროშურის პრეზენტაციაც, რომელშიც 7 საუკეთესო მოთხრობა შევიდა. ბროშურა კონკურსის სლოგანის მიხედვით შეიქმნა, მასში 7 ახალი ავტორის სახელი, ფოტო და რაც მთავარია ხელწერა შევიდა. ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო შვიდეული შემდეგნაირად გამოიყურება:
    იოანე ფეზუაშვილი – „ალჩუ“
•    მაგდა ბატიაშვილი – „ოთხი სტიქია“
•    ნინო ტეფნაძე – „იუკი, დარჩი!“
•    გიორგი ბაიდაური – „პეპელას აფექტი“
•    მადონა თხელიძე – „ღმერთის ქარი“
•    სალომე დვალი – „ALTER ბაბუ“
•    ანი ლაზვიაშვილი – „ABSURDUM”
კონკურსის გამარჯვებული სამეული ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობაში შემავალმა თანამედროვე ქართველმა მწერლებმა: დავით ტურაშვილმა, დავით ქართველიშვილმა, თეონა დოლენჯაშვილმა, მაკა ლდოკონენმა და თამთა მელაშვილმა გამოავლინეს.

თეონა დოლენჯაშვილის შეფასებით: „შემოდგომის ლეგენდა“ თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის ბიძგის მიმცემია. ამ კონკურსის მონაწილეებიდან ნაწილმა უკვე მიაღწია წარმატებას, ისინი ქმნიან ახალ ნაშრომებს, იბეჭდებიან სხვადასხვა გამოცემებში, ხდებიან სხვა კონკურსების ლაურეატები და ქმნიან ახალ თაობას. ამიტომ ჩვენი ყოველთვის ვცდილობთ ყურადღებით მოვეკიდოთ ჩვენს არჩევანს და აღმოვაჩინოთ ახალი სახეები“.

კონკურსის საპრიზო ადგილის მფლობელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700, 500 ლარის ოდენობით და კომპანია "ჯეოსელის" სპეციალური საჩუქრები გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ივა ფეზუაშვილი, წლევანდელი კონკურსის კიდევ ერთმა პარტნიორმა, დასასვენებელი კომპლექსის ლოპოტას ხელმძღვანელობამ სპეციალური პრიზით – ლოპოტას ტბაზე ორდღიანი, ორკაციანი საგზურით დაასაჩუქრა. მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი ნინო ტეფნაძე კი, საზოგადოებრივი რადიოს რჩეული გახდა, მისი მოთხრობის – „იუკი, დარჩის“ მიხედვით რადიოსპექტაკლი დაიდგმება.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, თბილისში აკრედიტირებული უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლების და კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მოხარული ვარ, რომ წელს კონკურსი უკვე მესამედ და გაზრდილი მასშტაბით ჩატარდა. ამ ფაქტმა სტუდენტების მეტი ჩართულობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და ნაშრომების მრავალფეროვნება გამოიწვია. იმედი მაქვს, რომ ასეთი წარმატებული დასაწყისი მათ მოტივაციას აამაღლებს და ისინი აქტიურად გააგრძელებენ მოღვაწეობას ლიტერატურულ ასპარეზზე“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა. წელს კონკურსში მონაწილეობას თბილისში აკრედიტირებული ცხრა უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. 190 კონკურსანტიდან შიდა შესარჩევმა ჟიურიმ 15 ფინალისტი გამოავლინა.

ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა. I ტურმა სტარტი სწავლის დაწყების დღეს აიღო და სამი კვირის განმავლობაში ტარდებოდა. შემოსული ნაშრომებიდან 15 საუკეთესო შეირჩა, რომელთა ავტორებიც ლოპოტაზე გაემგზავრნენ და იმპროვიზაციულ ტურში მიიღეს მონაწილეობა. კონკურსანტებმა ნაწარმოებები ჟიურის მიერ შერჩეული კონცეფციის – „პეპლის ეფექტის“ მიხედვით, რვა საათის განმავლობაში შექმნეს. „პეპლის ერთი ფრთის დაქნევას, დროთა განმავლობაში, შესაძლოა სხვაგან ტორნადო მოყვეს“ – ამ კონცეფციით ლოპოტაზე 15 განსხვავებული ნაშრომი დაიწერა, კონკურსანტებმა ერთი პატარა ცვლილებით გამოწვეული მოვლენათა ჯაჭვი ასახეს. ნაწილისთვის ეს შემთხვევითი არჩევანია – მონეტაზე ან ალჩუ იქნება ან თოხანი, მატარებლის ბილეთს გაცვლიან ან დღესვე იმგზავრებენ, საყვარელი ჭიქის გატეხვა კი, ერთი ადამიანის ცხოვრებას სრულიად შეცვლის.

„ლიტერატურული კონკურსი რამდენიმე ადამიანის იდეით დაიწყო და დღეს ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სტუდენტებში მან ასეთი წარმატება მოიპოვა. წლევანდელი თემა პეპლის ეფექტის კონცეფცია იყო და დარწმუნებული ვართ, რომ ეს კონკურსი მათ ცხოვრებაში დიდ სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს“, – განაცხადა კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ირმა ცქიტიშვილმა.

ორგანიზატორები გვირჩევენ გავიცნოთ და დავიმახსოვროთ კონკურსანტების სახელები, „ძალიან მალე მათ შესახებ კიდევ შეიტყობთ, რადგანაც ყველაფერი კავშირშია, რადგანაც არაფერი ხდება შემთხვევით და ჩვენ გვჯერა, რომ ერთი ფრთის გაშლა აუცილებლად გამოიწვევს ტორნადოს -  თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში“. 
Print

« იხ. ყველა სიახლე