2012-03-18
თსუ ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიაში ახალაღმოჩენილ თავის ქალას იკვლევენ
ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ლია ბითაძის განცხადებით, თავის ქალას ნაკერების შეზრდის მიხედვით ის 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ეკუთვნის. თავის ქალა ბრაქიკრანული (მოკლე და განიერი) ფორმისაა. ამ ტიპის თავის ქალები დამახასიათებელია ადრეული შუა საუკუნეების ადამიანებისთვის, რომლებიც ამ არეალში ცხოვრობდნენ. ამ თავის ქალაზე რამდენიმე ეპიგენეტიკური (ანომალია) ნიშანი - შუბლზე მეტოპიური ნაკერი და ჩართული ძვლები კეფის არეში; ფიზიოლოგიური სტრესის მარკერი - მრავლობითი ფოროვანი დაცხრილვა თვალბუდეებში, რაც სუსტად გამოხატული ანემიის ან ჭიების არსებობის ნიშანია. ბითაძის ინფორმაციით, ჩონჩხის შესწავლა დამატებით რამდენიმე ინფორმაციას მოგვცემს, რაც იმდროინდელი ყოფა-ცხოვრების შესახებ მეტ საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის.
ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან ფუნქციონირებს. აქ წარმოდგენილია უმდიდრესი კრანიოლოგიური კოლექცია (3 ათასამდე თავის ქალა) ენეოლითის ხანიდან (ძვ.წ. მე-5-4 ათასწლეული) თანამედროვე პერიოდამდე, დაცულია კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის სომატოლოგიური (სახის აღწერილობითი და გაზომვითი ნიშნები), დერმატოგლიფიკური (ხელების ანაბეჭდები), ოდონტოლოგიური (კბილების ანაბეჭდები) და სეროლოგიური (სისხლის ჯგუფები) კვლევის პირველადი მასალები. ასევე დაცულია სომატოლოგიურად შესწავლილი ინდივიდების ფოტომასალები. ლაბორატორიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთადერთია და უძველესია კავკასიაში და აქ განთავსებულია უმდიდრესი კოლექციები.
« იხ. ყველა სიახლე