2015-04-27

გაეროს მიერ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის აღიარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს მიერ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის აღიარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოში თურქმენეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.
„დღეს უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც  თურქმენეთის სახელმწიფო ნეიტრალიტეტის 20 წლისთავს ეძღვნება. ეს ღონისძიება საქართველოში თურქმენეთის  საელჩოს ინიციატივით ტარდება და ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა. 25 წლის წინ, ისევე როგორც საქართველო, თურქმენეთიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო და მისი დაშლის შემდეგ ჩვენმა ქვეყნებმა  განსხვავებული გზა გავიარეთ. ამდენად, სახელმწიფოებრივი ნეიტრალიტეტი, რომელიც აირჩია თურქმენეთმა თავისთავად საინტერესო მოდელია. ეს ქვეყანა უკვე 20 წელია  ამ გზით ვითარდება და ვფიქრობ, რომ დღევანდელი კონფერენცია საინტერესო იქნება მისი ყველა მონაწილისთვის“, - განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ჩვენი ქვეყანა მთელს მსოფლიოში აღნიშნავს თურქმენეთის ნეიტრალიტეტის  20 წლისთავს. თურქმენეთის ნეიტრალიტეტი 1995 წლის 12 დეკემბერს  გაეროს გენერალური ასამბლეაზე იქნა აღიარებული და ჩვენ ამ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღვნიშნავთ საერთაშორისო კონფერენციით, რომელიც სწორედ თურქმენეთის ნეიტრალიტეტს ეძღვნება“,- აღნიშნა თურქმენეთის რესპუბლიკის  ელჩმა დოვლეტმურატ მურატოვმა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  თსუ-სა და თურქმენეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, სტუდენტებმა.
    

Print

« იხ. ყველა სიახლე