ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში თსუ-ს ერთ-ერთ დამფუძნებელის იოსებ ყიფშიძის ნეშტი გადმოასვენეს. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ფინანსთა მინისტრი, თსუ პროფესორი ნოდარ ხადური, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში იოსებ ყიფშიძის სახელობის დარბაზში წიგნების: იოსებ ყიფშიძე, ევგენია ეგაძე-ყიფშიძისა, დავით ყიფშიძე - „ჩანაწერები“ პრეზენტაცია გაიმართა.
“ჩვენი უნივერსიტეტისათვის სიმბოლურია რომ ყველა მისი დამფუძნებელი იყოს მის პანთეონში. შემდეგ წელს სრულდება 95 წელი, რაც იოსებ ყიფშიძე გარდაიცვალა, ამიტომ უნივერსიტეტი მომავალ წელს აცხადებს მის საიუბილეო წლად, ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები, კონფერენციები და დაგეგმილი გვაქვს, რომ მის საფლავზე აღვმართოთ ბიუსტი“,- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ.
ფინანსთა მინისტრის, თსუ პროფესორის
ნოდარ ხადურის თქმით, „უ
ნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის იოსებ ყიფშიძის გადმოსვენებით რეალურად დასრულდა უნივერსიტეტის დამფუძნებლების გადმოსვენება თსუ პანთეონში. თსუ-ს ყველა დამფუძნებელი დღეს ისევ ერთად არის და აქედან ზრუნავენ უნივერსიტეტზე“.
„დღეს განსაკუთრებული დღეა უნივერსიტეტის ისტორიაში, ივანე ჯავახიშვილის ყველაზე ერთგულ თანამებრძოლს იოსებ ყიფშიძეს დიდი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტის დაარსებაში და ვფიქრობთ, რომ მისი ნეშტის გადმოსვენებისა და ძეგლის აღმართვის შემდეგ საზოგადოება ღირსეულ პატივს მიაგებს მის ხსოვნას“,- განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა
ზურაბ გაიპარაშვილმა.
იოსებ ყიფშიძე (1882-1919) დიდი ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერია. 1911 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე. 1915 წლიდან იყო პრივატ-დოცენტი, კითხულობდა ქართული ენის კურსს. 1917 საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა თსუ-ის დაარსებაში, იყო გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი. იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები "დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ" (1911), "მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით" (1915) და სხვ.