2014-06-30

საერთაშორისო კონფერენცია “არგო 2014 – ლეგენდის გაცოცხლება”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „არგო 2014 - ლეგენდის გაცოცხლება”. კონფერენცია გამოჩენილი ინგლისელი მოგზაურის, მეცნიერისა და მწერლის ტიმ სევერინისა და "ახალი არგონავტების" საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლისთავს ეძღვნება. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ,  მსოფლიოში ცნობილმა მოგზაურმა, მეცნიერმა და მწერალმა ტიმ სევერინმა, "ახალი არგონავტების" ექსპედიციის წევრებმა, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, მოწვეულმა სტუდენტებმა. კონფერენციაზე თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ტიმ სევერინი საქართველოს პოპულარიზაციაში და უნივერსიტეტისთვის შეტანილი დიდი წვლილისთვის უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „გამოჩენილმა მოგზაურმა ტიმ სევერინმა ოცდაათი წლის წინ ძალზე საინტერესო პროექტი განახორციელა - არგონავტების მოგზაურობა, რომელიც მაშინ ჩვენს უნივერსიტეტში კონფერენციით დაგვირგვინდა. ეს მოვლენა მაშინაც და დღესაც ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას. გადმოცემის თანახმად, ისტორიული არგონავტები შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულან. სამაგიეროდ, თანამედროვე არგონავტები დაბრუნდნენ საქართველოში.“
„ტიმ სევერინის მოგზაურობას საქართველოს პროპაგანდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო პირველი საერთაშორისო მოგზაურობა მსოფლიოში და ეს პირველი მოგზაურობა ევროპიდან კოლხეთში, საქართველოში განხორციელდა,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა რისმაგ გოდეზიანმა.
„მიხარია, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. ჩვენი ვიზიტის მიზანია არგონავტების ექსპედიციის 30 წლისთავის აღნიშვნა და ჩვენს ქართველ მეგობრებთან შეხვედრა, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მითი არგონავტების შესახებ,“- განაცხადა ინგლისელმა მოგზაურმა და მწერალმა ტიმ სევერინმა.              
„ოცდაათი წლის წინ არგონავტების ექსპედიციამ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საქართველოს თავისი საპატიო ადგილი მიუჩინა. დღეს ჩვენ ვაცოცხლებთ ოცდაათი წლის წინანდელ ისტორიას. არგონავტები და არგო გახდა საქართველოს სავიზიტო ბარათი საერთაშორისო ასპარეზზე,“- განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.
კონფერენციიაზე გაიმართა ტიმ სევერინის წიგნის „იასონის მოგზაურობის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. თსუ საგამოფენო დარბაზში არგონავტების თემაზე ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული ტილოებისა და სკულპტურების გამოფენა მოეწყო.
ტიმ სევერინი არგონავტების საერთაშორისო ეკიპაჟთან ერთად საბერძნეთიდან თურქეთის გავლით, ძველი ნახაზებით აგებული ხის გალერით "არგო" საქართველოს 1984 წელს ეწვია. ექსპედიციის მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-13 საუკუნეში ბერძნებს შეეძლოთ მოეღწიათ კოლხეთამდე, სადაც მათ დახვდათ მაღალგანვითარებული სახელმწიფო. ამ მოგზაურობით ტიმ სევერინის „არგონავტებმა“ ძველი ბერძნული მითის     „არგონავტების“ გაცოცხლება გადაწყვიტეს.  ამ მოგზაურობისათვის, ტიმ სევერინმა “არგო”  საბერძნეთში, სპეციალურად მოძიებული ხის მასალით, უძველეს ისტორიულ წყაროებში აღწერილი ტექნოლოგიით, ლურსმნების გარეშე ააგო. ეკიპაჟის უცვლელი ბირთვი 12 არგონავტი, შეირჩა ინგლისშივე, ძირითადად ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტების ნიჩბოსნების გუნდიდან, ხოლო დანარჩენი ნაწილი ივსებოდა იმ ქვეყნების სპორტსმენებიდან, სადაც უნდა გაევლო “არგოს”. ესენი იყვნენ ჯერ საბერძნეთის, მერე თურქეთის, შემდეგ კი საქართველოს სპორტსმენები.
„არგომ“ სტარტი აიღო საბერძნეთის ქალაქ იოლკოსში. ნიჩბოსნებმა გაიარეს საბერძნეთის კუნძულები, ეგეოსის და მარმარილოს ზღვები, დარდანელის და ბოსფორის სრუტეები, შავი ზღვის ანატოლიის ნაპირი და 20 ივლისისათვის შემოვიდნენ ყვავილებით და ხალხით სავსე ფოთში. აქედან კი რიონის აყოლებით ღუზა  ჩაუშვეს ვანში, ძველი ოქრომდიდარი კოლხეთის ცენტრში.

Print

« იხ. ყველა სიახლე