2010-06-24
24 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ეწვივნენ. თსუ-ის რექტორთან გიორგი ხუბუასთან ერთად სტუმრებმა მაღლივ კორპუსში ახალი სპორტული დარბაზი გახსნეს.
ღონისძიებაზე საუნივერსიტეტო საკალათბურთო ლიგის დაარსების შესახებ განცხადება გაკეთდა. თსუ–ს ბაზაზე საკალათბურთო ლიგა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.
„დღეს კალათბურთის ლიგა მეორედ იბადება. 6 უმაღლესი სასწავლებლის გუნდები ლიგაში გაერთიანდებიან და მომავალი სეზონიდან საუნივერსიტეტო ჩემპიონატში ერთმანეთს შეეჯიბრებიან“, – განაცხადა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
აღნიშნულ ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა კულტურის მინისტრმაც.
„მსგავს პირობებში ახალი ინიციატივა დროულია. უნივერსიტეტების წარმომადგენლები ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შეეჯიბრებიან, აღდგება მრავალწლიანი საუნივერსიტეტო სპორტული ტრადიცია და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მომავალში სწორედ ამ ლიგის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება“, – აღნიშნა ნიკოლოზ რურუამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟ კალათბურთელთა გუნდი საქართველოს ვიცე–ჩემპიონია. თსუ–ს ასევე საქართველოს ჩემპიონი კალათბურთელ ქალთა გუნდი და ქალ ფრენბურთელთა გუნდი ჰყავს, რომელმაც ჩემპიონობა რამდენიმე კვირის წინ თურქეთში მოიპოვა.
დღეიდან სტუდენტები თანამედროვე სტანდარტების სპორტულ დარბაზებში ივარჯიშებენ. „
განათლების სამინისტროს დაფინანსებით შეკეთდა უნივერსიტეტის სპორტული ინფრასტრუქტურა, დარბაზები აღიჭურვა თანამედროვე და საჭირო ინვენტარით, ასეთ გარემოში სტუდენტებისთვის ახალი სპორტული ცხოვრება იწყება და ვფიქრობ თითოეული მათგანი კმაყოფილი დარჩება“, – განაცხადა თსუ–ს რექტორმა გიორგი ხუბუამ.
რემონტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2009 წლის 25 აგვისტოს ,,საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების” პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარდა. თსუ-ის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახსრებიდან დაიხარჯა 794 879 ლარი. მათ შორის: XI (ბიოლოგების) კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე 518130 ლარი, (მე-11 კორპუსში დაახლოებით 7 500 კვ.მ. ფართი გარემონტდა. მათ შორის: 60 ოთახი, 37 აუდიტორია, 12 კომპიუტერული კლასი და 1 რესურსცენტრი. ასევე, ძირითადი აკადემიური პერსონალისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის 38 სამუშაო ოთახი, რომელიც დაკომპლექტდა ახალი ინვენტარით.) თსუ ბიბლიოთეკის გათბობაზე 41574 ლარი, სოციალურ და პოლიტიკური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ინვენტარზე 99 885 ლარი დაიხარჯა. მე-10 კორპუსში (მაღლივი) სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მე-2, მე-5 და მე-7 სართულებზე – დაახლოებით 2 100 კვ.მ.
2010 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან სარემონტო სამუშაოებზე დაიხარჯა სულ 129 149 ლარი. აქედან; სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოებზე 38949 ლარი, ბიოლოგების კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე 90200 ლარი. სპორტული დარბაზისათვის შეძენილია 16 825 ლარის ინვენტარი. სარემონტო სამუშაოებს შპს. "მონოლითმშენი", "21-ე საუკუნე" და "არქსტუდია ბერისტილი" აწარმოებდნენ.
« იხ. ყველა სიახლე