ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის და ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტის ჟან მონეს სახელობის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს შრომის კოდექსის ინგლისურენოვანი კომენტარის ქართული თარგმანი გამოიცა. კომენტარის შექმნაში მონაწილეობა თვრამეტმა იტალიელმა და ერთმა ბრიტანელმა ექსპერტმა მიიღო. ნაშრომის ორიგინალი 2016 წლის 30 მარტს, ქ. რომში, იტალიის პარლამენტში წარადგინეს. საქართველოს შრომის კოდექსის ინგლისურენოვანი კომენტარის ქართული თარგმანის პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს რექტორი
გიორგი შარვაშიძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
ანტონიო ენრიკო ბარტოლი, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ-ს რექტორის
გიორგი შარვაშიძის განცხადებით,
,,ძალიან იშვიათია, როდესაც კომენტარები შრომით კოდექსთან დაკავშირებით დაწერილია უცხოელი მეცნიერების მიერ. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვენი კანონმდებლობა გახდეს საერთაშორისო სტანდარტების. ვვარაუდობ, რომ ეს თანამშრომლობა რომელიც ჩამოყალიბდა, გაგრძელდება და კიდევ მოგვეცემა საშუალება ბრიტანელ თუ იტალიელ კოლეგებთან ვიმუშაოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე რაც ამ ფორმატში უკვე განხორციელდა.’’ თსუ რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წიგნის რედაქტორს ანდრეა ბორონის.
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს კომენტარები იტალიელი მეცნიერების მიერ გაკეთდა, რომელიც ითარგმნა ქართულად. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მხოლოდ თეორიული დებატები, არამედ წარმოადგენს საშუალებას საზოგადოების ჩართვისთვის დებატებში შრომით უფლებებზე, რომელიც მნიშვნელოვანია შრომით უფლებების პატივისცემისთვის. ეფექტური შრომითი კოდექსი ინვესტიციების და კარგი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების გარანტიაცაა’’, - აღნიშნა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში
ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.
წიგნის გამოცემა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეს მიეძღვნა. თარგმანი შესრულდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ბაზაზე. წიგნი გამოიცა ევროკავშირის პროექტის – „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა II“ – ფინანსური მხარდაჭერით.