ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-04-10

პროექტის "საქართველოს ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების" პრეზენტაცია თსუ-ში

    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის  ალექსანდრე  თვალჭრელიძის  მინერალური  ნედლეულის  ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მინერალური ნედლეულის კვლევა-შესწავლას ახორციელებს. ინსტიტუტს დიდი შესაძლებლობები გააჩნია უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ადგილობრივი სამშენებლო სამუშოების (ჰესების, გვირაბების, ხიდების, საცხოვრებელი კორპუსების) წარმოებაში.
      10 აპრილს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ კავკასიის  ალექსანდრე  თვალჭრელიძის  მინერალური  ნედლეულის  ინსტიტუტის ბაზაზე  შესრულებული და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული  პროექტის  "საქართველოს  ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების" პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას დაესწრნენ თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური.
       პროექტის ხელმძღვანელის ვაჟა გელეიშვილის ინფორმაციით, „პროექტის ფარგლებში მეცნიერებმა მოიძიეს და აღრიცხეს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მინერალური ნედლეულის 114 საბადო; ლაბორატორიულად შეისწავლეს თითოეული ქვის ქიმიური შემადგენლობა და შექმნეს მონაცემთა ელექტრონული ბაზა. მოსაპირკეთებელი ქვების მოცულობა მთელი მინერალური ნედლეულის მოცულობის 20 პროცენტს აღწევს და მისი ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდი დოლარია.  ქართული ქვის პრიორიტეტი ისაა, რომ ის დაბალი რადიაციით ხასიათდება და საუკეთესო დეკორატიული და კარგი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით გამოირჩევა.“  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „განათლების სამინისტრომ წარმოდგენილი კვლევა 140 ათასი ლარით დააფინანსა.  კვლევის შედეგები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი პრაქტიკაში გამოყენებაც შეიძლება. საუბარია ინვესტორების მოზიდვაზე, კვლევის შედეგების  სამშენებლო საქმიანობაში   გამოყენებაზე,. “ თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით „თსუ მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი  ძალიან წარმატებული ინსტიტუტია და კვლევაც საკმაოდ წარმატებულია. აქამდე არ არსებობდა ქვეყანაში არსებული მინერალური სიმდიდრეების სრული აღწერა. კვლევის შედეგად შედგა სამშენებლო და მოსაპირკეებელი ქვების სრული რეესტრი. ინსტიტუტს შეუძლა უამრავ პროექტსა და ტენდერში მონაწილეობის მიღება. საუბარია გარკვეული სახის კომერციულ პროექტებში მონაწილეობაზეც. ჩვენ სრულად უნდა გამოვიყენოთ ის ანალიტიკური და ინფორმაციული პოტენციალი, რომელიც თსუ-სა და მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტს გააჩნია.“
      ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 2  წიგნი „საქართველოს ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვები“. თვალსაჩინოებისთვის გამოიფინა მარმარილო, გამარმარილებული კირქვები, ანდეზიტები, ტუფები და სხვა.

Print

« იხ. ყველა სიახლე