2013-05-02

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს საჯარო მიმართვა

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი აკადემიური განათლების და მეცნიერების სფეროს ლიდერის შემდგომი განვითარება მტკიცედაა დაკავშირებული უნივერსიტეტის საქმიანობის ავტონომიურობის დაცვის, არჩევანის და აკადემიური თავისუფლების ცნებებთან.
მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილია ცვლილებები, რომელიც  შესაძლოა საფუძვლად დაედოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლებრივი სტატუსის ცვლილებას და მათ უპირობოდ, კვლავ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეორგანიზაციას.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოების მიერ არჩეული უნივერსიტეტის კოლეგიური, აკადემიურ სფეროში მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო მიმართავს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა ავტონომიურობის, აკადემიური თავისუფლების აღიარებულ პრონციპებზე დაყრდნობით, მისცენ საშუალება უნივერსიტეტს და საუნივერსიტეტო საზოგადოებას თავად განსაჯონ, გადაწყვიტონ უნივერსიტეტის სამართლებრივი სტატუსისა და იურიდიული ფორმის საკითხები. ეს გადაწყვეტილება გახდეს უნივერსიტეტის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის საფუძველი.
იმედს გამოვთქვამთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლებრივი სტატუსის ცვლილება ნებისმიერ შემთხვევაში დამოკიდებული და დამყარებული იქნება უნივერსიტეტის მიერ გამოხატულ პოზიციებსა და გადაწყვეტილებებზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე