ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-03-21

უცხოელი სტუდენტები თსუ-ში

ERASMUS + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 25 უცხოელი სტუდენტი ისწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრში.  ევროკავშირის პროგრამის  ფარგლებში ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ სემესტრს თსუ-ში გაატარებენ.
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას ინფორმაციით,  ევროპის ქვეყნების გარდა, სტუდენტები არიან მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც: „წელს უნივერსიტეტში სიახლეა, ევროპული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, ისწავლიან სტუდენტები ყაზახეთიდან, რომლებიც ერთ სემესტრს ჩვენს უნივერსიტეტში გაატარებენ. აგრეთვე, ევროპეისტიკის ინსტიტუტს ჰყავს სტუდენტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.“ 
„კორუნას“ (ესპანეთი) უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტი სარა ნუნეც ტორადო თსუ-ში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლის. „წელს შევიტყვე ჩვენი უნივერსიტეტისა და თსუ-ს თანამშრომლობის შესახებ და დავინტერესდი. თსუ-ში სწავლა გადავწყვიტე, რადგან პროფესორების შესახებ ინფორმაციის მოძიების შემდეგ, ჩემს თემასთან ქართველი პროფესორები ყველაზე ახლოს იყვნენ. გარდა ამისა, საქართველოს შესახებ ადრეც მსმენოდა და მინდოდა თავად მენახა ყველაფერი,“ - აღნიშნა სტუდენტმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ყოველწლიურად ხარისხის მაძიებელ 80-მდე სტუდენტს მასპინძლობს. ეს მოიცავს როგორც ერასმუს+ის, ასევე სხვადასხვა სამთავრობო სტიპენდიების ფარგლებში ჩამოსულ სტუდენტებს, ორმხრივი გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს და ერთობლივი, რამდენიმე უნივერსიტეტის მონაწილეობით განხორციელებული სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე