2015-09-25

ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-6 კონფერენცია “თბილისი 2015: ინსულტის პრევენცია, დიაგნოზირება და მკურნალობა”

ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-6 კონფერენციას “თბილისი 2015: ინსულტის პრევენცია, დიაგნოზირება და მკურნალობა” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მარინე ჩიტაშვილი, ქართველი და უცხოელი ნევროლოგები დაესწრნენ.
„ქართული სამედიცინო სკოლა  დიდი ხანია აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და არაერთი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარებულა თბილისში. ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია ძალიან საინტერესო  იქნება მონაწილეთათვის, რადგანაც ეს მისცემს მათ საშუალებას ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და უახლესი  თანამედროვე მიღწევები“, - განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
ცერებრული ინსულტის პრობლემა უაღრესად აქტუალურია, რადგანაც იგი მეორე ადგილზეა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, როგორც მოზრდილთა სიკვდილობის მიზეზი და უდავო ლიდერია, როგორც ფუნქციური უნარშეზღუდულობის და მყარი ინვალიდობის გამომწვევი დაავადება. განსაკუთრებით მაღალია ინსულტის სოციალურ-ეკონომიკური ტვირთი საზოგადოებაზე - განვითარებულ ქვეყნებში ინსულტით გამოწვეული წლიური ეკონომიკური ზარალი რამოდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს აღწევს. არანაკლებ აქტუალურია ინსულტის პრობლემა საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით თბილისში უკვე მეექვსედ (ყოველ 3 წელიწადში ერთხელ) გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ მედიცინის ფაკულტეტი,  საქართველოს ინსულტის ასოციაციის და პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტი. კონფერენცია მიეძღვნა დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს.
თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ალექსანდრე ცისკარიძის განცხადებით, „ კონფერენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და სამედიცინო ცხოვრებაში. ინსულტის დაავადება ძალიან გავრცელებულია საქართველოში და იგი მაღალი სიკვდილიანობით და ინვალიდიზაციით ხასიათდება. შესაბამისად, დიდია ინტერესი ამ დაავადების შესწავლის, დიაგნოსტიკური გზების ძიების, მკურნალობის ახალი  მეთოდების აღმოჩენის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ტარდება ამ დაავადების საწინააღმდეგოდ არასაკმარისია. კონფერენციაზე გახილული იქნება აქტუალური პრობლემები და ინსულტის მკურნალობის ინოვაციური მეთოდები, რაც შემდგომში, ამ მეთოდების ჩვენს ქვეყანაში განვითარებისა და დანერგვის შესაძლებლობას მოგვცემს“.  
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ 20-ზე მეტი ქვეყნის (აშშ-ის,  გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის, ისრაელის, უნგრეთის, იტალიის, კანადის, პორტუგალიის, შვედეთის, თურქეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის,  პოლონეთის, ხორვატიის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უკრაინის, უზბეკეთის, თურქმენეთის) სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტებისა და სამედიცინო  ცენტრების ინსულტის დარგში  მოღვაწე წამყვანი მეცნიერ-მკვლევრები  და  ცნობილი ექიმ-ნევროლოგები.  
სამდღიანი კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.


Print

« იხ. ყველა სიახლე