2014-05-15

ამერიკისმცოდნეობის XV ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია "შეერთებული შტატების პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში"

ამერიკისმცოდნეობის მეთხუთმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,შეერთებული შტატების პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში" გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, თსუ პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის   პრიორიტეტულად იქცა კველევები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს შეისწავლის. კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება. ეს არის ტრადიცია, რომელიც უკვე ღრმად გაჯდა უნივერსიტეტის ფესვებში და ჩვენი პროფესურა და სტუდენტები მასში ინტენსიურად  მონაწილეობენ. კონფერენციის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.“
„ჩვენ ვხედავთ თქვენს ინტერესს ამერიკისადმი და ვაფასებთ იმას, რომ თქვენ სწავლობთ ამერიკასთან დაკავშირებულ თემებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორ ხედავენ საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს. მით უფრო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერია,“- მიმართა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი  მოხსენებები, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ლათინური ამერიკისა და კანადის ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერების, კულტურის, განათლების, რელიგიის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის, ამერიკაში ქართული იმიგრაციისა და სხვ. საკითხებს შეეხო. კონფერენციის მიზანია ამერიკისმცოდნეობის პროფესიულ დონეზე შესწავლის შედეგების წარმოჩენა და მიღებული ცოდნის გავრცელება საქართველოს საზოგადოების აკადემიურ და ფართო წრეებში, ასევე ქართველ ამერკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან.


Print

« იხ. ყველა სიახლე