2011-02-21

აშშ-ის პრეზიდენტთა დღე თსუ-ში

21 თებერვალს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტმა და საქართველო-ამერიკის მეგობართა კლუბმა "პრეზიდენტთა დღე" აღნიშნეს. ღონისძიებაზე თსუ-ის პროფესორმა, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვასილ კაჭარავამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის როლსა და საერთოდ, ამ ინსტიტუტის არსებობაზე ისაუბრა: "პრეზიდენტის როლი ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალზე ძლიერია, მონარქის როლზე უფრო ძლიერი. ოღონდ მონარქისგან განსხვავებით მისი ძალაუფლება დემოკრატიის არტახებითაა შებოჭილი. სწორედ ესაა ამერიკული დემოკრატიის ხიბლი _ ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება, რომელიც დაბალანსებულია პარლამენტით."

საქართველო-ამერიკის მეგობართა კლუბის ხელმძღვანელმა ილია ზუკაკიშვილმა მადლობა გადაუხადა თსუ-ის ამ დღის არნიშვნისთვის: "თსუ- ში "პრეზიდენტთა დღე" უკვე მეორედ ტარდება. ამასთან დაკავშირებით, თსუ-ში გაიმართა ამერიკის პრეზიდენტთა სურათების გამოფენა." თსუ-ის პროფესორმა ელენე მეძმარიასვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "აშშ-ში ქალის პრეზიდენტად არჩევის პერსპექტივა". ღონისძიებაზე მოხსენებები წაიკითხეს ვასილ კაჭარავამ, თსუ-ის პროფესორებმა და სტუდენტებმა;

"პრეზიდენტთა დღე" აშშ-ის ფედერალური დღესასწაულია და მას ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს უძღვნიან. ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები.
Print

« იხ. ყველა სიახლე