2015-12-14

თსუ დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში

ვარშავის უნივერსიტეტის რექტორის პროფესორ მარტსინ პალისის მოწვევით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია ვარშავის უნივერსიტეტს. ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო თსუ-სა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები. თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, თსუ რექტორის მოადგილეებმა პროფესორმა იოსებ სალუქვაძემ და პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ პოლონელ კოლეგებთან ერთად განიხილეს პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო და სასწავლო სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობა. თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ეკონომიკა, გეოგრაფია.
ვიზიტის ფარგლებში, ვარშავის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ წაიკითხა საჯარო ლექცია. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
თსუ დელეგაცია ეწვია ვარშავის უნივერსიტეტის ახალი ტექნოლოგიების ცენტრს, რომელიც წარმოადგენს ინტერდისციპლინურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას. ახალი ტექნოლოგიების ცენტრის სამეცნიერო წრეებთან შეხვედრის შემდეგ, თსუ დელეგაციის წევრებმა მოინახულეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამეცნიერო ლაბორატორიები.
ვიზიტის ფარგლებში, თსუ დელეგაცია ეწვია ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრს. შეხვედრის დროს გამოითქვა ინიციატივა ერთობლივი კვლევითი სტიპენდიის დაწესებასთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დოქტორ დავით ყოლბაიას წიგნის პრეზენტაცია. თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქართველ მეცნიერს წარმატება მიულოცა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორების, მათ შორის, წმ. გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.

Print

« იხ. ყველა სიახლე