ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-13

გრიგოლ ფერაძე - წმინდანის დაბრუნება მშობლიურ უნივერსიტეტში

„ყოველი ადამიანის  ცხოვრება არის განსაცდელი, გამოცდა. მამა გრიგოლ ფერაძემ ღირსეულად შეძლო ამ გამოცდის გატარება. 1960 წელს, როცა სასულიერო აკადემია დავამთავრე და სქართველოში ჩამოვედი, საქართველოს პატრიარქი იყო ეფრემ მეორე. მას საწერ მაგიდაზე ედგა არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის სურათი. ისინი თანაკურსელები იყვნენ. საოცარ ამბებს გვიყვებოდა პატრიარქი გრიგოლ ფერაძის შესახებ. წლების მანძილზე მუდამ იდგა საკითხი გრიგოლ ფერაძის კანონიზებისა. დადგა დღე, როცა საქართველოს წმინდა სინოდმა გრიგოლ ფერაძე აღიარა წმინდანად. ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მნიშვნელოვან დღეს,“ - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფის გახსნის დროს.
წმინდა გრიგოლის 115-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, ქართველი და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „წმინდა მოწამე მამა გრიგოლ ფერაძე არის განსაკუთრებული მოვლენა საქართველოსთვის, ქართული ეკლესიისა და ჩვენი უნივერსიტეტისთვის. უნივერსიტეტში გაიხსნა მისი მემორიალური დაფა  და პრაქტიკულად  გადაიშალა კიდე ერთი ფურცელი ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნის ისტორიაში. ის პირველი კოჰორტის სტუდენტი იყო უნივერსიტეტში და  ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დაფასებული იქნეს ყველა ჩვენი პროფესორი, სტუდენტი, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის, ეკლესიიის, მომავალი თაობების აღზრდაში.  დღევანდელი ღონისძიება არის  წმინდა გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტში სიმბოლური დაბრუნება.“
„ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის საუკუნეების განმავლობაში ძალიან მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობა არსებობდა. წმინდა გრიგოლი ამ ურთიერთობის ნათელი სიმბოლოა. ამავე დროს, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა როგორც ვარშავის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის. მისი სამეცნიერო ნაშრომები ამის დასტურია,“- აღნიშნა პოლონეთის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკიმ.
„ეკლესიის ვალია ახსოვდეს მისი წმინდანები; უნივერსიტეტის ვალია ახსოვდეს მისი სტუდენტები. თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა -  მისი ყოფილი სტუდენტი დაუბრუნდა მშობლიურ კედლებს,“- განაცხადა ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური სემინარის ხელმძღვანელმა დავით ყოლბაიამ.    
თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ვარშავაში წმ. გრიგოლ ფერაძის ეკლესიის მოძღვარს ჰენრიკ პაპროცკის და ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური სემინარის ხელმძღვანელს დავით ყოლბაიას თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის უნივერსიტეტის მედალი გადასცა.
ღონისძიებაზე, რომელიც წმინდა გრიგოლის 115-ე წლისთავს მიეძღვნა, გაიმართა ილია ფერაძის ვიდეოფილმის „ის რაც გვაგონებს გრიგოლ ფერაძეს“- პრემიერა; გამოიფინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივებში დაცული ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძესა და ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიწერილი გრიგოლ ფერაძის წერილები, თსუ ემიგრაციის მუზეუმში დაცული წმინდა გრიგოლ ფერაძის სამშობლოსა და ემიგრაციაში ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახეველი იშვიათი ფოტოები, ხელნაწერები და ბეჭდური მასალა.
ღონისძიების დაწყებამდე, წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში (უნივერსიტეტის ეზო) ჩატარდა სავედრებელი პარაკლისი.
წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1918-1921 წლებში იყო თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების   ფაკულტეტის სტუდენტი. 1921 წელს საქართველოს საეკლესიო კრებამ,  ნიჭიერი სტუდენტი თეოლოგური ცოდნის დასაუფლებლად გაგზავნა გერმანიაში. დაუღალავი შრომით, ახალგაზრდა გრიგოლი გახდა ფილოსოფიის დოქტორი, ევროპის ცნობილი ორიენტალისტი, იგი ქართული ეკლესიის ისტორიაზე ლექციებს კითხულობდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. იყო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ფლობდა 16 ენას.
1931 წელს პარიზის მრავალრიცხოვანი ქართული სათვისტომოს თხოვნით ბერად აღიკვეცა,  დააარსა ევროპაში პირველი ქართული მართლმადიდებელი წმიდა ნინოს ეკლესია და გახდა მისი მოძღვარი. 1934 წელს იგი შეამკეს მიტრით.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კომუნისტურმა მთავრობამ არ მისცა სამშობლოში დაბრუნების უფლება. მას ოცნებად ჰქონდა სამშობლოში დაბრუნება და მშობლიურ უნივერსიტეტში მოღვაწეობა. ამის შესახებ არაერთგზის წერდა იგი უნივერსიტეტის რექტორს ივანე ჯავახიშვილს, მის პედაგოგს კორნელი კეკელიძეს და ორჯერ მიმართა იოსებ სტალინსაც კი.
სიცოცხლის ბოლო წლები მან გაატარა პოლონეთში, მის მეორე სამშობლოში. ფაშისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრის შემდეგ, მან არ დატოვა ვარშავა. ფაშისტებმა მამა გრიგოლი დაიჭირეს და მოათავსეს ოსვენციმის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში. 1942 წლის 6 დეკემბერს 45წლის მამა გრიგოლი აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით ოსვენციმის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში. მისი მოწამეობა თანამედროვე მართლმადიდებლობის ერთ-ერთ ნათელ ფურცელს წარმოადგენს.
1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. მისი კანონიზება იმ წელსვე ცნო პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც. გრიგოლ ფერაძის სახელი ამოტვიფრულია ვარშავის უნივერსიტეტის ომში დაღუპული პროფესორების მემორიალურ დაფაზე.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ და წმ. გრიგოლ ფერაძის საზოგადოება.

Print

« იხ. ყველა სიახლე