12 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაფუძნდა. ინსტიტუტის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა.
თსუ რექტორის
ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით,
„საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა თსუ-ში. ინსტიტუტის დაფუძნება ამ პროგრამის გაგრძელებისა და კიდევ უფრო განვითერბის საშუალებას იძლევა. ჩვენს სტუდენტებს საშუალება აქვთ ევროპული დონის განათლება მიიღონ ინგლისურ ენაზე. იმის გამო, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს კვალიფიციურ საჯარო მოხელეთა საჭირო რაოდენობა, ჩვენს კურსდამთავრებულებს დასაქმების პრობლემა არ ექნებათ.“
„საქართველოში, სამწუხაროდ, პროფესიონალი საჯარო მოხელეების ნაკლებობაა. მოხარული ვარ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულების სპეციალისტთა მომზადების სათავეებთან თსუ და ფინანსთა სამინისტრო დგანან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც მათ მომსახურებას მიიღებს და ამ კადრებს დაასაქმებს - ფინანსთა სამინისტროა.“-აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა
ნოდარ ხადურმა.
ღონისძიების ფარგლებში თსუ-სა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთო სამაგისტრო პროგრამის
„საჯარო მმართველობის“ კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა და საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა შპაიერის უნივერსიტეტის პროფესორს
ანდრეას კნორს.
ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ოფიციალური პირები გერმანიის საელჩოდან, შპაიერის ერთიანი სამაგისტრო პროგრამის პროფესორები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.