ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-03-17

ამერიკელი მწერალი დენიელ მენაკერი სტუმრად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

      17 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკელი მწერალი, ჟურნალ “New Yorker”-ის ყოფილი მხატვრული რედაქტორი დანიელ მენაკერი  ეწვია. შეხვედრა გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და ამერიკის  კულტურის ატაშემ საქართველოში საულ ჰერნანდესმა.
      თსუ–ში დანიელ მენაკერმა საჯარო ლექცია  თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის შესახებ გამართა. მწერალმა   ამერიკულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა, ლექციის ბოლოს კი აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. დისკუსიის განმავლობაში დანიელ მენაკერი ვრცლად შეეხო საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს. აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა საქართველოში მოგზაურობა, რადგან აქამდე მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ფლობდა ინფორმაციას, ამ ვიზიტის განმავლობაში კი ახლოს გაეცნო ქართულ ტრადიციებსა და კულტურას.
      აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მწერლის ლექციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუდენტებში და შეხვედრას არა მხოლოდ თსუ–ს, არამედ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც დაესწრნენ.
    დანიელ მენაკერი თბილისში 4 დღიანი ვიზიტით მეუღლესთან, „New York Times Magazine”-ის ყოფილ რედაქტორთან ქეთრინ ბუტონთან ერთად იმყოფება. 
     პირველი ლექცია ამერიკელმა მწერალმა ქალაქ ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა. შემდეგ კი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა შეხვედრა.
    ვიზიტის დასასრულს ამერიკელი მწერალი 19 მარტს, 18:00 საათზე თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში დამსწრე საზოგადოებისთვის საჯარო დისკუსიას გამართავს.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე