2014-10-09
ანტინარკოტიკული კამპანიის „არა ბიონარკოტიკს“ მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემა
![](/data/image_db_innova/news/10698492.jpg)
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ გერსამია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
სასწავლო კურსის „სამაუწყებლო მედია ტელევიზია 1“ ფარგლებში სტუდენტებმა შს სამინისტროს ანტინარკოტიკულ კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა და სოციალური კლიპი გადაიღეს. კლიპის პრეზენტაციასთან ერთად, დღეს, ანტინარკიტიკული კამპანიის პროცესში სტუდენტების მონაწილეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა.
ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართული სტუდენტები თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ სერტიფიკატებით და წიგნებით დააჯილდოვა. “ანტინარკოტიკულ კამპანიას დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე მსოფლიოში, რადგან ნარკოტიკის მომხმარებლებმა კარგად უნდა გაიაზრონ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა არის მისასალმებელი, ხოლო ჩვენი ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მონაწილეობა, მათი გამარჯვება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო. ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან ახალგაზრდული პრობლემა პირველ რიგში თვითონ ახალგაზრდებმა უნდა გაიაზრონ, მათი თვალით უნდა იქნას დანახული“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
![](/data/image_db_innova/news/10696.jpg)
„არსებობს საკითხები, რასთან დაკავშირებითაც სტუდენტებს, მითუმეტეს მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია. ასეთი საკითხია ნარკოტიკისადმი დამოკიდებულება. ჩვენს კლიპში 24 სტუდენტი მონაწილეობდა - მათივე გადაღებული და დამონტაჟებულია. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ მედია პროდუქტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიგელით დააჯილდოვა, ხოლო თსუ რექტორმა ჯგუფის წევრებს სერტიფიკატები გადასცა, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია“, - განაცხადა სასწავლო კურსის „სამაუწყებლო მედია ტელევიზია 1“-ის ხელმძღვანელმა თამარ ბელქანიამ.
« იხ. ყველა სიახლე