2010-04-19

თსუ-ში პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის იუბილე აღნიშნეს

16 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის საიუბილეო ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. თსუ-ის რექტორმა გიორგი ხუბუამ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ თენგიზ კიკაჩეიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე ისაუბრეს. თსუ-ის რექტორმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის კიკაჩეიშვილისადმი გამოგზავნილი მისალოცი წერილი წაიკითხა. საიუბილეო საღამოს დასასრულს გაიმართა თენგიზ კიკაჩეიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: "რელიგიათა თავსებადობა, როგორც ცივილიზებული ღირებულება კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელში."
თენგიზ კიკაჩეიშვილი ასამდე სამეცნიერო ნაშრომის, მათგან ოთხი მონოგრაფიის და ოთხი კრებულის ავტორია. პროფესორი მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილეა. 2004 წლიდან თენგიზ კიკაჩეიშვილი საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის ნამდვილი წევრია, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.
Print

« იხ. ყველა სიახლე