ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში ევროპისმცოდნეობაში ახალ სადოქტორო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა, რომელსაც მთლიანად ევროკავშირი დააფინანსებს. სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია
4 აპრილს გაიმართა და მას თსუ რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი ესწრებოდნენ. ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში 3 თვის განმავლობაში განახორციელებენ კვლევებს.
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის
ნინო ლაპიაშვილის განცხადებით,
„ევროკავშირი ტრადიციულად მხარს უჭერს თსუ-ს. უნივერსიტეტში 2007 წელს დაარსდა ევროპული კვლევების ინსტიტუტი, რომელიც ახორციელებს ინგლისურენოვან მაგისტრატურას ევროპისმცოდნეობაში. ეს ძალიან წარმატებული პროგრამაა. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პარალელურად, საჭიროა ამ მიმართულების მეტი სპეციალისტის მომზადება. ევროკავშირმა გადაწყვიტა დააფინანსოს სადოქტორო პროგრამაზე სწავლა. თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ამ აკრედიტებულ პროგრამაზე, რომელზეც 12 დოქტორანტი ისწავლის. მათ საშუალება ექნებათ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში განახორციელონ კვლევები. დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდგომ კი თსუ-ში წაიკითხავენ ლექციებს და გააგრძელებენ სამეცნიერო საქმიანობას.“
„თსუ-ში ევროკავშირი ახორციელებს სადოქტორო პროგრამას, რომლის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ დოქტორის ხარისხი ევროპისმცოდნეობაში. 12 სტუდენტს საშუალება ექნება ევროპულ უნივერსიტეტებში ჩაატარონ კვლევები. ეს დიდი მიღწევაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“,- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში
ფილიპ დიმიტროვმა.
ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში სწავლა შეუძლია მაგისტრის ხარისხის მქონე პირს შემდეგი სპეციალობით: სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები და ჰუმანიტარული მეცნიერებები. პროგრამა წამყვანი ევროპელი ექსპერტებისა და უნივერსიტეტების მონაწილეობითაა შედგენილი.