ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-03-10

თსუ–ში მსოფლიო ბანკის სემინარი ჩატარდა

10 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ასად ალამი ეწვია. დოქტორმა გამართა მსოფლიო ბანკის სემინარი თემაზე: „სახელმწიფოს ზრდადი როლი პოსტკრიზისულ მსოფლიოში“. საუბარი შეეხო სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებს, კრიზის შემდგომ წონასწორობის აღდგენის და ფინანსური რეგულირების მექანიზმებს. ასად ალამმა რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე სტუდენტებს ფისკალური პოლიტიკის როლის ახლებური ხედვა გააცნო და ტოტალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის გზებზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ მაქვს საშუალება შევხვდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ყოველთვის კარგად ინფორმირებულნი არიან და საინტერესო კითხვებს სვამენ. მსგავსი შეხვედრები ურთიერთკავშირის საშუალებას იძლევა, ყოველთვის მაინტერესებს რას ფიქრობენ ახალგაზრდები და როგორია მათი ხედვა აღნიშნულ საკითხებზე“, – აღნიშნა ასად ალამმა.

ასად ალამი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხის მფლობელია. მსოფლიო ბანკის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორი  სხვადასხვა დროს ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკასა და ევროპაში მუშაობდა; 2009 წლის იანვრიდან კი, ასად ალამი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში  სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორად დაინიშნა.

ლექციების ციკლის ფარგლებში, გაზაფხულის ბოლომდე, ასად ალამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიდევ ორჯერ ესტუმრება. 
Print

« იხ. ყველა სიახლე