2016-11-22

,,ვეფხისტყაოსანი" - ბიბლიოთეკაში დაცული გამოცემების გამოფენა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ვეფხისტყაოსანი’’გაიხსნა. გამოფენის გახსნაზე  კორეის ელჩმა კიმ ჩან გიუმ  თსუ-ს ბიბლიოთეკას ,,ვეფხისტყაოსნის’’ კორეული თარგმანი გადასცა საჩუქრად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკაში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის’’ უძველესი, უიშვიათესი და მსოფლიოს ხალხთა ენებზე თარგმნილი გამოცემები. მათ შორის პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული ,,ვეფხისტყაოსანი’’. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოფენა იმართება. ჩვენთან შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბევრი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის ქართველოლოგიური სიმპოზიუმი, რომელიც ეძღვნებოდა ,,ვეფხისტყაოსნის’’  ირგვლივ ჩატარებულ კვლევებს. ვაპირებთ, რომ მთელი წელიწადი იყოს რუსთაველის სახელთან დაკავშირებული’’, - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის განცხადებით, ,,დღეს აქ წარმოდგენილია უნიკალური მნიშვნელოვანი გამოცემები, რომელიც თავის დროზე საეტაპო მნიშვნელობის გამოცემად იქცა. ძალიან საინტერესო საჩუქრები მივიღეთ და ჩვენი ბიბლიოთეკა კიდევ უფრო გამდიდრდა ,,ვეფხისტყაოსნის“  ახალი გამოცემებით“.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დღევანდელი დღე მიულოცა უნივერსიტეტსა და  საქართველოს. მისი თქმით, ,,ვეფხისტყაოსანი“ იმ ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება, რომელიც თავის აქტუალობას არასოდეს დაკარგავს. 

ღონისძიებაზე ,,ვეფხისტყაოსნის’’ პირველი ფერადი, ილუსტრირებული სამაგიდო თამაში წარადგინა თსუ-ს დოქტორანტმა ლევან გელაშვილმა. მისი თქმით, ,,ილუსტრირებული სამაგიდო თამაში ემყარება ,,ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებსა და ლიტერატურულ რუკას. ჩვენი მიზანი იყო ისეთი სამაგიდო თამაშის შექმნა, რომელიც პოემას დააბრუნებდა უფრო ინტერაქტიულ გარემოში, იქნებოდა უფრო პრაქტიკული დანიშნულების.’’ მან თსუ-ს ბიბლიოთეკას სამაგიდო თამაშის რამდენიმე ეგზემპლარი საჩუქრად გადასცა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვარ ნინო გელაშვილის აღნიშნული თამაშისთვის შესრულებული  ილუსტრაციები.

გამოფენაზე მხატვარმა პაპუნა დავითაიამ საზოგადოებას წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი - გრაფიკული რომანი’’ გააცნო, რომელშიც  1500-მდე ილუსტრაციაა მოცემული.

Print

« იხ. ყველა სიახლე