ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-25

შეხვედრა თსუ დოქტორანტებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდა და წარმატება მიულოცა. წარმატებულ დოქტორანტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამახსოვრო მედალი და სერტიფიკატები გადაეცათ.
თსუ  60 დოქტორანტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაუფინანსებს სწავლის გადასახადს, სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას  ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას. 
„მნიშვნელოვანი დღეა უნივერსიტეტში, რადგანაც აღვნიშნავთ ჩვენი გამრჯვებული დოქტორანტების წარმატებას. მათ  მოახერხეს გრანტის მოპოვება, თოთოეული მათგანისათვის სერიოზული თანხებია გამოყოფილი. ამ კონკურსში ყველაზე მეტი გრანტი სწორედ თსუ დოქტორანტებმა მიიღეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დოქტორანტურა ფონდმა დააფინანსა. ყველა ახალგაზრდა მეცნიერს მინდა ვუსურვო წარმატება და მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ,“ - განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
თსუ დოქტორანტის თათია მთვარელიძის თქმით, „რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი დოქტორანტებისთვის, რომელიც პირველად გამოცხადდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მიხარია ის ფაქტი, რომ თსუ არის სწორედ ის უნივერსიტეტი, რომლის დოქტორანტებმაც საერთო დაფინანსების დიდი ნაწილი მოიპოვეს.  დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დოქტორანტისთვის,  და იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ მხარდაჭერას ვიგრძნობთ მომავალში“.
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერისთვის წელს პირველად გასცა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება. კონკურსში შემოსული განაცხადები დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასეს.
კონკურსის შედეგად კვლავ ლიდერობს თსუ. დაფინანსებული 135 დოქტორანტიდან  60 უ-ის სტუდენტია, რაც საერთო დაფინანსებული განაცხადების 44% შეადგენს. გამარჯვებული პროექტების ჯამური ბიუჯეტია 902 197 ლარი. სტუ-დან დაფინანსდა 37 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 27%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 417 998 ლარი), ილიაუნი-დან 17 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 13%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 280 292 ლარი).

Print

« იხ. ყველა სიახლე