2010-04-26
ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღეს – 26 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ “საქპატენტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა
ირაკლი ღვალაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა
გიორგი ხუბუამ მოაწერეს ხელი.
თანამშრომლობის მიზანია უნივერსიტეტში კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება, საქპატენტი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს კონსულტაციებს გაუწევს და ახალი გამოგონებებისთვის საექსპერტო დასკვნებს გასცემს. დასკვნის მიღების შემდეგ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტის პროფესორების სამეცნიერო–კვლევით მიღწევებს საქპატენტი დააპატენტებს. იგეგმება უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თემატური სემინარების ჩატარება, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები კი, საპატენტო ექსპერტიზის თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს გაივლიან.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრისას აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში არასაკმარისად არის დაცული. საქპატენტის გენერალური დირექტორის თქმით ინტელექტუალური საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა არსებობს, უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობის გამო მისი გამოყენება არასათანადოდ მიმდინარეობს. „
არცერთი იდეა არ იკარგება, მას საერთაშორისო კონვენცია და კანონი იცავს. ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, ჩვენ ვცდილობთ უფრო ზუსტი და ვრცელი ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას, რათა მათ იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ და საკუთრების დაცვა უფრო გაუადვილდეთ,“ – აღნიშნა ირაკლი ღვალაძემ.
საქპატენტის ხელმძღვანელის განცხადებით დღეისათვის პატენტის ფასი საქართველოში მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით მინიმალურია. ამასთან ერთად, საქართველოში მიღებული პატენტი ნებისმიერ ქვეყანაში ვრცელდება. ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი საბუთის გაცემისას საერთაშორისო ქსელში ჩართული ქვეყანა ბაზების მიხედვით პატენტის არსებობას ამოწმებს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს მოწმობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გამოგონებების დაპატენტებამდე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი იდეის ანალიზს და ექსპერტიზას განახორციელებს, რაც საერთაშორისო სტანდარტებისათვის აუცილებელია; სამეცნიერო ნაშრომების დაცვისათვის კი, საქპატენტი პროფესორებს სთავაზობს დეპონირების მოწმობის აღებას, რომელშიც მითითებული იქნება თარიღი და ავტორის ვინაობა; დეპონირების მოწმობა საავტორო უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე