2009-10-05

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალში 2007 წელს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალში 2007 წელს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ეხმაურება 1 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2 ეთერით მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომელიც ქვემო ქართლის ფილიალში 2007 წლის კურსდამთავრებულებს და მათთვის „გაცემულ ყალბ დიპლომებს“ ეხებოდა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერით გასული სიუჟეტი არ შეიცავდა დაზუსტებულ და გადამოწმებულ ფაქტებს. აღნიშნული სიუჟეტი გავიდა ჟურნალისტის მიკერძოებული ხედვით და შეიცავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი უსაფუძვლო ბრალდებებს; ტენდენციური და არაობიექტური შეფასება, რომელიც ავტორის მიერ სიუჟეტში გაჟღერდა ლახავს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესტიჟს და შეურაცხმყოფელია თითოეული მისი წარმომადგენელისათვის. დასახელებული სიუჟეტი სახელწოდებით „გაყალბებული დიპლომები“ ეყრდნობოდა ავტორის სუბიქტურ შეფასებას და არა კონკრეტულ ფაქტებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალში დარღვევების აღმოჩენისა და შემდგომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთანავე ყველა 116 კურსდამთავრებულისთვის დიპლომების გაცემა შეჩერდა და დღემდე არ გაცემულა (ბრძანება # 1238/0104 21.07.2009), შესაბამისად, სიუჟეტში საუბარი ე.წ გაყალბებულ დიპლომებზე რეალობის არაადეკვატურია.
ქვემო ქართლის ფილიალში დარღვევების აღმოჩენა და მათი საზოგადოების წინაშე გაჟღერება სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამინდელი ხელმძღავნელობის ინიციატივით მოხდა. 2007 წლის 23 ოქტომბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას მიერ გენერალური პროკურორის სახელზე გაგზავნილ დოკუმენტში ასახულია 11 პუნქტისგან შემდგარი აღმოჩენილი დარღვევების ჩამონათვალი.
1 თვის განმავლობაში სპეციალურმა კომისიამ აღნიშნულ ფილიალში მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინა. 23 ოქტომბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის საგანგებო ბრიფინგის შემდეგ საქმე მოკვლევისათვის ყველა საბუთის დართვით გენერალურ პროკურატურას გადაეცა.
2007 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით რეორგანიზაციის შედეგად ქვემო ქართლის ფილიალის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ოქტომბრის ბოლოს მოკვლევის დასრულებისთანავე ფილიალის ხელმძღვანელობის მიმართ 220-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სახელმწიფო უნივერსიტეტში ინახება შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ
წარმოდგენილი ოქმები, რომლითაც დასტურდება ყველა საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის 2001-2007 წლებში სტუდენტების ჩარიცხვასთან, მათ გადაყვანასთან და მათზე კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის ამოღების ფაქტი.
განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის მიღების შემდეგ (14 ივლისი, 2008 წელი), რომელიც მოკვლევის შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო, ქვემო ქართლის ფილიალის 2007 წლის კურსდამთავრებულებს ბაკალავრის ხარისხი მიენიჭათ. მათ შორის არის სიუჟეტში მოხსენიებული ერთ-ერთი კურსდამთავრებული ირინა ხარებავა. აღნიშნული პიროვნების პირად საქმეში ინახება საშუალო განათლების ატესტატი, რომელიც დამოწმებულია ხელმოწერებითა და საქართველოს განათლების სამინისტროს თბილისის 161-ე საშუალო სკოლის ბეჭდით და გაცემულია 2004 წელს. აქვე ავღნიშნავთ, რომ გენერალური ინსპექციის მიერ მოწოდებულ დასკვნაში ირინა ხარებავა საერთოდ არ არის დასახელებული და ინფორმაცია მის მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ არ არსებობს.
ქვემო ქართლის კურსდამთავრებული ირინა ხარებავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2004-2005 სასწავლო წელს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგად ჩაირიცხა, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი ხუბუა 2006 წელს იქნა არჩეული, შესაბამისად სიუჟეტის ავტორის მიერ წამოყენებული უსაფუძვლო ბრალდება, რომელიც აღნიშნული პიროვნების და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ურთიერთნაცნობობის შედეგად უმაღლესში მის მოწყობას გულისხმობდა - სიცრუეს წარმოადგენს.
მსგავსი არაეთიკური და სუბიექტური მიდგომა საქმისადმი ჟურნალისტის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს, რითაც სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესტიჟი ილახება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მსგავსი უდიერი დამოკიდებულება საზოგადოების მცდარი აზრის ჩამოყალიბებას იწვევს, რაც დაუშვებელია.

Print

« იხ. ყველა სიახლე