ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუდენტური ექსპედიციისთვის ემზადებიან. 30-მდე სტუდენტმა სამზადისი ფოკადან, ფარავნის ტბიდან დაიწყო, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში კარვებით იყვნენ დაბანაკებული.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის მიზნით ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები სამცხე-ჯავახეთში იცხოვრებენ. ისინი ადგილობრივებთან ერთად დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დაგეგმილია ექსკურსიები, ფილმების ჩვენება; ერთი თვის მანძილზე თსუ პროფესორები სამცხე-ჯავახეთში ჩავლენ და სხვადასხვა თემაზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.
სტუდენტების წინასაექსპედიციო სამზადისს თსუ რექტორის მოადგილე
ნინო ოკრიბელაშვილი შეუერთდა. რექტორის მოადგილე ფოკაში სტუდენტებს ესტუმრა, მათ გეგმებს გაეცნო და წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრო.
სტუდენტები აყალიბებენ ჯგუფს, რომელიც ერთ თვეში ექსპედიციის ფარგლებში ეწვევა ახალქალაქს. ამ ექსპედიციის მიზანია , მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს მოსახლეობასთან , მაქსიმალურად გაეცნონ ადამიანები ერთმანეთს და დაუახლოვდნენ თანატოლებს,“ - განაცხადა
ნინო ოკრიბელაშვილმა.
სოფიო ნიშნიანიძე თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. სოფიო წლევანდელი ექსპედიციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ის უკვე ოთხი წელია, რაც სტუდენტურ ექსპედიციაში აქტიურად მონაწილეობს. „სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობენ ჯავახეთში, ეცნობიან აქაურ კულტურას, ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, დადიან ექსკურსიებზე, იმართება ფილმების ჩვენება. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული ამ ექსპედიციაში,“ - აღნიშნა
სოფიო ნიშნიანიძემ.
თსუ სტუდენტური ექსპედიცია 2001 წლიდან ეწყობა. წლევანდელი ექსპედიცია 14 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.