2009 წლის 07 02, შაბათი - 10:19
XX საუკუნის დასაწყისში თბილისში, ვერის უბნის განაპირას აგებული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობა ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების აღორძინებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების სიმბოლოდ იქცა. ძნელად წარმოსადგენია, თუ რა მძიმე პირობებში მიმდინარეობდა ამ ხუროთმოძღვრული ძეგლის აგების პროცესი, რომელშიც სახელმწიფოს მონაწილეობა სრულებით არ მიუღია: მაშინდელ რუსეთის იმპერიას არ აინტერესებდა საქართველოში ისეთი ტიპის დაწესებულებების დაარსება, რომელიც ეროვნული თვითშეგნების გაღვივებისა და ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებულ სწავლა-განათლებას შეუწყობდა ხელს. ამასთან, ეს უზარმაზარი შენობა იმ დროს თავის სიდიადითაც გამორჩეული იყო, ამიტომაც ამ მასშტბის საინჟინრო-არქიტექტურული ნაგებობის აშენება მაშინდელ საზოგადოებას არარეალურად მიაჩნდა. მხოლოდ ერთეულთა რწმენის, ოპტიმიზმისა და ღვაწლის გვირგვინია პირველი ქართული გიმნაზიის შენობა, რომელშიც მოგვიანებით ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. 1900 წლის 14 ოქტომბერს პირველი ქართული გიმნაზიის, ახლანდელი უნივერსიტეტის მთავარი შენობის საძირკვლის კურთხევა მოხდა. პარაკლისი კალისტრატე ცინცაძემ გადაიხადა, რომელიც მაშინ ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი გახლდათ. უნივერსიტეტის საძირკველში ჩააყოლეს: სამი ბოთლი, რომლებშიც 1895 წელს ჩამოსხმული კახური სამარკო ღვინო ესხა, იმხანად მოქმედი ქართული საზოგადოებების “წესდებულებანი” და ჟურნალ-გაზეთები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, ივანე ჯავახიშვილის და მის თანამოაზრეთა ჯგუფის თაოსნობითა და უდიდესი ძალისხმევით დაარსდა. იგი იმ დროს მთელს კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი იყო. ეკლესიასთან ერთად, ქართულ უნივერსიტეტს ერის სულიერებაზე ზრუნვა და ეროვნული თვითშეგნების გაღრმავების ისტორიული მისია დაეკისრა. ამასთან, მის ძირითად გამოკვეთილ მიზანს კვლავ წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, კულტურისა და მეცნიერების განვითარება, ერის ცივილიზაციის დონის განუხრელი ამაღლება. ამიტომ, დღესაც ხალხი თბილისის უნივერსიტეტს თეთრ ტაძარს უწოდებს. უნივერსიტეტი საზეიმოდ 1918 წლის 26 იანვარს (8 თებერვალს) – საქართველოს მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. მისივე სახელობის ეკლესია უნივერსიტეტის ბაღში 1995 წლის 5 სექტემბრიდან შეუდგა მსახურებას. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის
სახელი მიენიჭა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, პროფესორთა კოლეგიამ, ცნობილი ქიმიკოსი, ღვაწლმოსილი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავიდან მუშაობას შეუდგა ერთადერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის 30 იანვარს შედგა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა, ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 1918 წლის დასაწყისისათვის 18-ს ითვლიდა. სწავლას შეუდგა 369 სტუდენტი და 89 თავისუფალი მსმენელი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს არსებული უნივერსიტეტების უმრავლესობა ივ. ჯავახიშვილის საელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფესვებზეა აღმოცნებული. “უნივერსიტეტის სახურავიდან მზის ამოსვლის მხარეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარი მოჩანს, ხელის გაწვდენასავით ახლოს ეჩვენება თვალს მისი ოქროს გუმბათი. არადა ამ ორ შენობას შორის მთელი საუკუნეა, ქარტეხილებით სავსე საუკუნე. ნიშალდობლივია, რომ მეოცე ასწლეული საქართველოში ქართული გიმნაზიის აშენებით დაიწყო, ოცდამეერთე _ სამების ტაძრის აგებით, ალბათ, რაღაცას მიანიშნებს ეს პარალელი, ღვთის ნების გარეშე ხომ არაფერი ხდება?!… დგას ვარაზის ხევის ბორცვზე საუკუნოვანი თეთრი ძეგლი, სადა და მონუმენტური, ახალგაზრდული ენერგიით დამუხტული და მეცნიერული სიბრძნით დადინჯებული, მრავალი ქარიშხლის გადამტანი, მაგრამ ურყევი. დგას სანთლის სისპეტაკის სიმბოლოდ და სხივიანი მზერით გასცქერის საქართველოს ხვალინდელ დღეს” (ზ. გაიპარაშვილი, “საუკუნის ნიშანსვეტი”, 2007 წელი.) ხვალ უნივერსიტეტი 91 წლის ხდება...
თიკო ნერგაძე www.fact.ge