ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დროს თსუ პროფესორების მიერ ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფი შეხვდა სტუდენტთა ორივე მხარეს, აკადემიურ საბჭოს, რექტორს.
შეხვედრების შემდეგ საინიციატივო ჯგუფმა განცხადება გაავრცელა: „თსუ-ში არსებული მდგომარეობიდან გამონდინარე, პროფესორთა საერთო კრების მიერ არჩეულმა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა აკადემიურ საბჭოს კონკრეტული წინადადებებით. პროფესორთა საინიციატივო ჯგუფი მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირველ რიგში, განხორციელდეს ის ქმედებები, რომელთა საშუალებასაც იძლევა თსუ-ს წესდება; კერძოდ,
1. მოკლევადიანი ქმედებები:
ა) აკადემიური საბჭოს რეორგანიზაცია;
ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის გამოცხადება;
გ) ადმინისტრაციის საშტატო განრიგის აუდიტი.
2. გრძელვადიანი ქმედებები:
გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის შექმნისა და განმტკიცებისათვის.
პროფესორთა საინიციატივო ჯგუფი მზად არის, აღნიშნულ საკითხებზე იმუშაოს აკადემიურ საბჭოსთან, სენატსა და პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან,“- ნათქვამია განცხადებაში.