ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-02-13

„სასამართლო ხელისუფლების გამოწვევები - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება“

13 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „სასამართლო ხელისუფლების გამოწვევები - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება“.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით,  „ ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიურ წრეებში იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, ასეთი სახის დისკუსიები ხელს შეუწყობს კანონის სრულყოფილად ჩამოყალიბებას და სასამართლო გარემოს გაუმჯობესებას. მოხარული ვართ, რომ ასეთი განხილვა თსუ-ში იმართება, რადგან ჩვენს უნივერსიტეტში დაგროვილი მეცნიერული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად წაადგება კანონის ჩამოყალიბებას.“
„საკანონმდებლო ცვლილებების დიდ ნაწილზე იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებას მივაღწიეთ. თუმცა, არსებობს რამდენიმე დებულება, რომელიც პრობლემურია არა მხოლოდ სასამართლო სისტემასთან, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან მიმართებაში. დაუშვებელია კანონის მიღების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების შეჩერება. არ შეიძლება სასამართლოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის აკრძალვა. ჩვენს პოზიციას ვენეციის კომისიის ექსპერტებიც ეთანხმებიან. უმჯობესი იქნება დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას.“- აღნიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის ინფორმაციით, „სამინისტრო ფართომასშტაბიან რეფორმებს ახორციელებს, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას. ამ ინსტიტუციის რეფორმირების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეკვეცას ეხება. ამ რეფორმებით დაინტერესებულნი არიან აკადემიური წრეები. ამიტომაც სიამოვნებით მივიღე მოწვევა თსუ-დან, რათა სწავლულ იურისტებს ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით მოსაზრება გავუზიარო“.
მრგვალ მაგიდას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორები, სამართლის დარგის მეცნიერები, მოსამართლეები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.  



Print

« იხ. ყველა სიახლე