2012-05-01
28 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით „ვიქტორინა-2012“-ის მორიგი შესარჩევი ტური გაიმართა. თბილისის და საქართველოს რეგიონების 36 საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, მათემატიკასა და გეოგრაფიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თითოეული გუნდი 6 მონაწილისგან შედგებოდა. მოსწავლეებმა უპასუხეს სხვადასხვა სირთულის ტესტებს, რომელიც განსხვავებული ქულებით შეფასდა. შესარჩევ ტურში გამრჯვებული გუნდები შემოდგომაზე დაგეგმილ ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას.
ნახევარფინალისთვის საგზური თექვსმეტმა სკოლამ მოიპოვა. პირველ ადგილზე გავიდა კერძო სკოლა „ჯი-ელ-სი“. მეორე ადგილს დაეუფლა ორი სკოლა: თბილისის 128-ე საჯარო სკოლა და კერძო სკოლა „ლაშარი“. მესამე ადგილიც ორმა სკოლამ „ფარნავაზმა“ და „კანდიდმა“ გაიყო.
ღონისძიებას თსუ რექტორის მრჩეველი მარიამ ლომოური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
« იხ. ყველა სიახლე