ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-04

მისია 2015 - სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში - „მისია 2015“ დაიწყო. კონკურსის პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და კომპანია ,,თიბისი’’  ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე, სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით,  ,,ეს პროექტი  უნივერსიტეტისთვის უკვე ტრადიციულია და მეხუთედ ტარდება. ამ წელს პარტნიორად შევარჩიეთ წარმატებული ქართული კომპანია ,,თიბისი’’ ბანკი. თავის მხრივ, კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, რათა მოიწადინონ და სხვადასხვა კომპანიასთან მიმართებაში იმუშაონ მათი განვითარების  გეგმაზე.  ძალიან დიდია ჩვენი უნივესრიტეტის სტუდენტების დაინტერესება, შესაბამისად კუნკურენციაც და რა თქმა უნდა ყველა ფირმის, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, მადლობელი ვართ.’’
,,დღეს ჩვენ ვაანონსებთ ახალ პროექტს, რომელსაც უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე წელია ატარებს, ეს არის ,,თიბისი’’ ბანკისა და თსუ-ს თანამშრომლობის პირველი წელი.  პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მათი შესაძლებლობების გამოვლენის კუთხით. მათ ეძლევათ საშუალება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გახდნენ ბანკის კომუნიკაციისა და მარკეტინგის ვირტუალური მენეჯერები. მათ მიეცემათ დავალება და სამ გამარჯვებულ გუნდს  შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი პროექტები განახორციელონ. პრაქტიკულად, წარმატების შემთხვევაში კი ისინი იქნებიან ამ პროექტების რეალური მენეჯერები. ახალგაზრდების განათლებაში ინვესტიციების ჩადება, დროისა  და პოტენციალის დახარჯვა დიდი ხანია ,,თიბისი’’ ბანკის პრიორიტეტია,’’- აღნიშნა ,,თიბისი’’  ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორმა თამარ კირვალიძემ.
თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში - “მისია“ უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან.
კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.
კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ, წელს მონაწილეებს წიგნის მაღაზიათა ქსელის  „Scripta manent“  საკომუნიკაციო სტრატეგია 2015-ის მომზადება მოუწევთ,  ხოლო მეორე ტურში ფინალისტი გუნდები პარტნიორი ბრენდის დავალებაზე იმუშავებენ.
კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ სამეულს თიბისი ბანკი გადასცემს: I ადგილი - 2500 ლარი, II ადგილი - 1500 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი.
კონკურსი წელს მეხუთედ ჩატარდება. ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 200-მა გუნდმა მიიღო. გასულ წლებში კონკურსის პარტნიორი კომპანიები იყვნენ: „IDS ბორჯომი საქართველო“, „გეოპლანტი“, „ნატახტარი“ და „სანტე“.
Print

« იხ. ყველა სიახლე