2015-06-25

გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილი მეცხრე საფაკულტეტო კონფერენცია

24-25 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილი მეცხრე საფაკულტეტო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორ-მასწავლებლები  და სტუდენტები ესწრებოდნენ.
კონფერენციის 80-მდე მონაწილემ წარმოადგინა ნაშრომები ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, კულტურის კვლევების, ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ისტორიისა და ფილოსოფიის სექციებში.
გიორგი ჩიტაია (1890-1990), ცნობილი ქართველი ეთნოგრაფი, თანამედროვე ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელია. 1940 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრა დააარსა და შექმნა პირველი სალექციო კურსი ზოგად ეთნოგრაფიაში.
გიორგი ჩიტაიას გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი გამოკვლევა, რომლებიც მისი შრომების ხუთტომეულშია თავმოყრილი. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ეთნოგრაფთა და არქიტექტორთა ოცდაათწლიანი საველე და თეორიულ-კვლევითი სამუშაოები, ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლების ძიება-შერჩევა და კლასიფიკაცია, რასაც მოჰყვა ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია ცის ქვეშ დაარსება, რომელიც 1987 წლიდან მის სახელს ატარებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე