2013-06-11

კონკურსის “მისია 2013”-ის გამარჯვებულები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2013“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 5 გუნდი ჟიურის წინაშე ფინალური დავალების - „კომპანია ნატახტარის ლიმონათის ფონდის 2013 წლის საკომუნიკაციო კამპანია“ პრეზენტაციებით წარდგა.
კონკურსის სამწლიანი ისტორიის განმავლობაში ჟიურიმ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და პირველი საპრიზო ადგილი ორ გუნდზე გადაანაწილა, კონკურსის გამარჯვებული ორი სტუდენტური გუნდი „გრდემლი“ და „სტუდენტური კაპიტალი“ გახდა, ხოლო მესამე ადგილი გუნდ „თსუ ნოვატორებს“ ერგოთ. კონკურსის ფულადი პრიზი 5000 ლარი შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - „გრდემლი“ და „სტუდენტური კაპიტალი“ - 2000 ლარი
III ადგილი - „თსუ ნოვატორი“ - 1000 ლარი
კომპანია „ნატახტარის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გუნდების წარმომადგენლები  კომპანიაში 2 თვიან სტაჟირებასაც გაივლიან. ფინალში გასულ ყველა მონაწილეს კი, კონკურსის სერტიფიკატები და ორგანიზატორების სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. 2013 წელს კონკურსის თანაორგანიზატორი კომპანია „ ნატახტარია“.
კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.
სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 55 გუნდმა მიიღო, შემოსული 57 პროექტიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 5 საუკეთესო გამოავლინა.

 












Print

« იხ. ყველა სიახლე