2016-10-25
Erasmus+ საინფორმაციო სემინარი თსუ-ში
![](/data/image_db_innova/PR/14589569_10153883315482233_7778014392350645064_o.jpg)
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის უპირობო ლიდერი ჩვენს რეგიონში იმ პროექტებით და უნივერისტეტების რაოდენობით, რომელიც არის ჩართული ამ პროგრამაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მხოლოდ კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი გვისწრებს. წელს ამ პროგრამაში 45 უნივერისტეტი მონაწილეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ პროფესორს და სტუდენტს ექნება საშუალება ისარგებლოს მობილობის სქემებით. ხოლო ჩვენი მონაწილეობა მობილობის პროგრამებში ცხადყოფს იმასაც, რომ ჩვენი სტუდნეტებიც არიან ძალიან კარგები და მათ შეუძლიათ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში თავიანთ თანატოლებთან ერთად ისწავლონ თანაბარ პირობებში.“
„საქართველო ძალიან აქტიური მონაწილე იყო ტემპუსისა და ერაზმუს მუნდუსის პროგრამებში. ახალი პროგრამა კი უფრო ფართო თანამშრომლობას გულისხმობს და მოიცავს განათლების ყველა საფეხურს. დღევანდელი სესიის მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები. შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა დაფინანსების გზები, მათ შორის სტიპენდიები,“- აღნიშნა Erasmus+ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრამების დირექტორმა ხოსე გუტიერესმა.
Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის ლიკა ღლონტის თქმით, „თსუ მასპინძლობს Erasmus+ საინფორმაციო სემინარს, რომელიც არის ევროკავშირის ყველაზე პოპულარული პროგრამა, რომლის ამოცანაცაა ხელი შეუწყოს ქართული და ევროპული უნივერისტეტების თანამშრომლობას. თსუ ერთ-ერთი მოწინავე უნივერისტეია პროექტების რაოდენობის მხრივ და იმედი გვაქვს, რომ ეს სემინარი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას.“
საინფორმაციო შეხვედრის ძირითად მიზანს საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენელთათვის Erasmus+ ის პროგრამის ახალგამოცხადებული კონკურსის პირობების, სიახლეების და მოთხოვნების გაცნობა შეადგენდა. სემინარის მსვლელობისას გაიმართა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტების მოკლე მიმოხილვა.
« იხ. ყველა სიახლე