ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-01-14

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 2010 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

      ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 11 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 2010 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

     ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 2010 წლის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები (სახელმწიფო დაწესებულებები, კერძო ორგანიზაციები და პიროვნებები) ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრებმა და საპატიო სტუმრებმა დააჯილდოვეს.

      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 2010 წლის ოქროს პარტნიორის ნომინაციაში გამარჯვებულები: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ირანის ეროვნული ბიბლიოთეკა გამოავლინა. რექტორმა სიმბოლური ჯილდოები თეატრის მმართველს ეკა მაზმიშვილს და ირანის ელჩს საქართველოში მაჯიდ სამაზადე საბერს გადასცა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აქტიური მხარდამჭერისთვის დაწესებული ჯილდო პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძემ მიიღო. მთავარი ნომინაციის გამარჯვებული და 2010 წლის ოქროს მხარდამჭერი ქალაქ თბილისის მერია გახდა.

    დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ სტუმრებმა საშობაო მინიატურების გამოფენა დაათვალიერეს, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი მხატვრების ირაკლი ფარჯიანის, ლაშა კინწურაშვილის და ლევან ჩაგანავას მიერ შობის თემაზე შესრულებული მინიატურების ორიგინალები და უნიკალური მინიატურების ფოტოასლები ძველი ქართული ხელნაწერებიდან.
Print

« იხ. ყველა სიახლე