2010-05-31
31 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი გერმანელი სამართლის მეცნიერის რაინჰოლდ ციპელიუსის წიგნის –
“იურიდიული მეთოდების მოძღვრება” პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროგრამის „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ევროკავშირის ორგანიზებით განხორციელდა.
პრეზენტაციას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
გიორგი ხუბუა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
ირაკლი ბურდული, ევროკავშირის და GTZ-ის სამართლის პროგრამის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნული წიგნი წარმოადგენს გერმანელი სამართლის მეცნიერის ცნობილი ნაშრომის თარგმანს ქართულ ენაზე. პროფესორი რაინჰოლდ ციპელიუსი არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორია, რომელიც სამართლის ფილოსოფიას, სახელმწიფო მოძღვრებას, კონსტიტუციონალიზმისა და მათ შორის იურიდიული მეთოდების საკითხებს ეძღვნება.
წიგნი გერმანულიდან თარგმნა და ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანა ბადენ-ვიურტემბერგის სამართლის სპეციალისტმა ლევან თოთლაძემ.
„თარგმანზე მუშაობა ორი წელი გრძელდებოდა. ეს არის ის საფუძვლები, ის ბაზისი, რომელზეც იგება შემდგომი იურიდიული განათლება. წიგნი გამოადგება, როგორც პრაქტიკოს იურისტებს, ასევე დამწყებ სამართალმცოდნეს“, – აღნიშნა წიგნის მთარგმნელმა.
ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მერაბ ტურავამ განახორციელა. წიგნში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის კანონის ინტერპრეტაცია, განვრცობა და განვითარება; სამართლის გამოყენების ფუნდამენტური ამოცანები, რომელიც უპირველესია პრობლემის სამართლიანი გადაჭრის გზების ძიებისას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე