2015-09-16

თსუ რექტორის ანგარიში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ რჩება ლიდერ უნივერსიტეტად საქართველოში. კერძოდ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ში დაწესებული მაღალი მინიმალური კომპეტენციის ზღვარგადალახული 3600-მდე აბიტურიენტი ჩირიცხა, რომელთა 80%-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა- განაცხადა თსუ  რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ რექტორობის მეორე წლის მუშაობის ანგარიშის დროს.
თსუ რექტორმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გაიზარდა უნივერიტეტის საერთშორისო ცნობადობა და აღიარება. WEBOMETRICS-ის რანჟირებით თსუ შედის მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტთა 5%-ში, კავკასიაში და საქართველოში კი პირველ ადგილზეა. მსგავსი მაჩვენებლით ლიდერობს თსუ უნივერსიტეტების რანჟირების (URAP) რეიტინგებში. თსუ ერთადერთი ქართულ უნივერსიტეტია რომლის ერთობლივ (თსუ-შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის) სამაგისტრო პოგრამას (საჯარო მმართველობა) ხუთი წლის ვადით მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. ხოლო ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიამ (IABE) თსუ-ს მსოფლიოში საუკეთესო კვლევით ცენტრებს შორის მეორე ადგილი მიანიჭა.
რექტორმა ვლადიმერ პაპავამ აღნიშნა თსუ არქეოლოგი სტუდენტებისა და მეცნიერების საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩენაზე გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი), რომელიც, მეცნიერთა აზრით, არა მარტო საქართველოს, არამედ, მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს შეცვლის.
აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის წესში ცვლილება, აკადემიური ხარიხის მისანიჭებელი მინიმალური სტანდარტის დაწესება, ახალი ფაკულტეტისა და ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემოღება, თსუ რექტორის განცხადებით, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში სწავლის და სწავლების, ასევე სამეცნიერო კვლევების ხარისხს. ვლადიმერ პაპავამ ყურადღება გაამახვილა ახალ სასწავლო კურსზე - ანტიკური ტექსტები ციფრული ჰუმანიტარიის კონტექსტში, რომელშიც თსუ-სთან ერთად ჰარვარდის, ლიონის, სან-პაოლოს, ლაიპციგის და  სხვა უნივერსიტეტებია გართიანებული.
თსუ რექტორის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს დახმარებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საგანმანათლებლო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, უნივერსიტეტში შეიქმნა აუდიოსტუდია, სადაც სტუდენტების დახმარებით მზადდება სახელმძღვანელობის აუდიო ვერსიები.
შეხვედრაზე რექტორმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით უნივერსიტეტის წარმატებებს. გაიზარდა მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, თსუ სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის მეტ გაცვლით პროგრამას და საერთაშორიო პროექტს ნიშნავს.  
ვლადიმერ პაპავას ინფორმაციით, პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ, უნივერსიტეტში ამოქმედდა დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა -  შვიდივე ფაკულტეტიდან 5-5 საუკეთესო დოქტორანტის სწავლის საფასურს უნივერსიტეტი დაფარავს.
თსუ რექტორმა ისაურბრა სხვა სიახლეებსა და ინიციატივებზე, სამეცნიერო გრანტებსა და პუბლიკაციებზე, სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საინჟინრო სკოლის წარმატებულ სტარტზე, სახელმძღვანელოების თარგმანზე, საბიბლიოთეკო ფონდის შევსებაზე, თანამშრომელთა მხარდაჭერაზე, გატარებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე,  სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სხვა ღონისძიებებზე, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.



Print

« იხ. ყველა სიახლე