2016-07-04

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET – აისეტი)  გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. ISET-ში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის წოდება მიიღო 34 სტუდენტმა. მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრანტები დაჯილდოვდნენ Summa cum laude (სუმა კუმ ლაუდე) და Cum laude (კუმ ლაუდე) დიპლომებით, სპეციალურ სერტიფიკატებ გადაეცათ საუკეთესო თეზისების ავტორ სტუდენტებს,  ხოლო ISET-ის 2016 წლის კლასის ლიდერს ზურაბ ჟვანიას სახელობის პრიზი.

მაგისტრებისათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ  თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე  და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.  რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მინისტრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა  მაგისტრებს სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ და სტუდენტებს სიტყვით მიმართეს შვედეთისა, შვეიცარიისა და ისრაელის ელჩებმა საქართველოში მარტინა ქუიკმა, ლუკას ბიგლინგერმა და იუვალ ფუქსმა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ნებისმიერი კურსდამთავრებულთა ნაკადის გამოშვება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როცა საქმე გვაქვს საერთაშორისო მნიშვნელობის წარმატებულ სამაგისტრო პროგრამასთან. აქ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ განათლებას. დარწმუნებული ვარ წარმატებული დასაწყისი, რაც გამოიხატება წარმატებული სამაგისტრო პროგრამის დამთავრებაში, მომავალში წარმატებული კარიერის საწინდარი იქნება,“-განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ.

„ჩვენ ვართ, ერთი მხრივ, მზარდი ეკონომიკა და, მეორე მხრივ, საბჭოთა განათლების ტრადიციებით მივიწევთ წინ დასავლეთისკენ. ამ ორივე მიმართულებით ISET  გამორჩეული ორგანიზაციაა. მინდა მივულოცო კურსდამთავრებულებს ეს დღე, და ქვეყანას რომ ასეთი სკოლა გვაქვს,“-აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მინისტრის თქმით, საკუთარი პოზიციიდან ის ხელს შეუწყობს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას შემდგომ განვითარებაში და ასევე ამ სკოლის საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას სხვა საგანამანათლებლო დაწესებულებებში.

ISET-ის კურსდამთავრებულის ანანო ყიფიანის განცხადებით, ორის წლის განმავლობაში სტუდენტებმა არამარტო მიიღეს განათლება  ეკონომიკის მიმართულებით და წარმატებული დასაქმების პერსპექტივა, არამედ შეიძინეს ახალი ოჯახი. მისი აზრით, „ ძალიან მნიშვნელოვანი ორი წელი ელოდებათ მომავალ სტუდენტებს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში“.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ISET-ის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლა განაგრძონ ნიუ იორკის, სტენფორდის, ჩიკაგოს, პენსილვანიისა და  დასავლეთის ქვეყნების სხვა უნივერსიტეტების დოქტორანტურაში. მიღებული გამოცდილების და ცოდნის შედეგად კურსდამთავრებულები სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობებზე დასაქმდებიან.

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა შეიქმნა 2006 წელს მსოფლიო ბანკის, BP-ის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდის “ღია საზოგადოება” (OSI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით. ISET-ის 260 კურსდამთავრებულიდან 100% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნულ ბანკებსა და სამინისტროებში.



Print

« იხ. ყველა სიახლე