ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-02

წიგნის - „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორების ირაკლი კოვზანაძის და გოგი კონტრიძის წიგნის - „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა.
548 გვერდიანი წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების საბანკო საქმის სპეციალობის ბაკალავრებისათვის, ეკონომიკური პროფილის სხვა მიმართულებების მაგისტრებისათვის, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. სახელმძღვანელო  ასევე დაეხმარება მეცნიერ-მკვლევარებს, ეკონომისტებსა და პრაქტიკოს ბანკირებს გაიღრმავონ ცოდნა საბანკო საქმეში.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ  წიგნის დაწერის აუცილებლობა მას და მის კოლეგას მრავალწლიანმა საბანკო პრაქტიკამ და პედაგოგიურმა გამოცდილებამ უკარნახა. „ნაშრომი ეფუძნება საბანკო საქმიანობის საერთაშორისო და სამამულო გამოცდილებას. მასში საბანკო კანონმდებლობის ნორმატიულ დოკუმენტებსა და სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხილულია საბანკო საქმის კონკრეტული მაგალითები როგორც საქართველოს შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საბანკო პრაქტიკიდან“ ,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა ხაზი გაუსვა წიგნის მნიშვნელობას.  “წიგნი ავტორების პირად გამოცდილებაზეა დამყარებული და ძალიან საინტერესო სახელმძღვანელოა, რომელიც თეორიული კურსის გარდა ზუსტად  ასახავს ქართულ საბანკო რეალობას.“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წიგნის ავტორებს მიულოცა სახელმძღვანელოს გამოცემა.  „ამ წიგნში მოცემულია საბანკო სისტემის ღრმა ანალიზი და გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს წიგნის მნიშვნელობას. მოგეხსენებათ, რომ აქამდე არ არსებობდა ქართულენოვანი სახელმძღვანელო ამ სფეროში, რაც პედაგოგებს სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვაში პრობლემებს უქმნიდა. აღნიშნული გამოცემა კი ამ ხარვეზს სრულად აღმოფხვრის,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.  
დროთა განმავლობაში სახელმძღვანელოში ინფორმაცია განახლდება და იგი ხელახლა გამოიცემა. იმისთვის, რომ ყველა სტუდენტს და დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდეს იხელმძღვანელოს ამ  გამოცემით, ავტორები წიგნის ელექტრონულ ვერსიას განათავსებენ ვებ გვერდზე და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ინტერნეტში გაეცნონ და ჩამოტვირთონ იგი.

Print

« იხ. ყველა სიახლე