2015-09-21

საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია თეორიულ ფიზიკაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო  სკოლა-კონფერენცია თეორიულ ფიზიკაში გაიხსნა. ღონისძიება ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული რეგიონული საგანმანათლებლო ქსელის ფარგლებში ტარდება, რომელიც აერთიანებს ბონის, თბილისის, ერევნის და ზიგენის უნივერსიტეტებს.
„უნივერსიტეტში ამგვარი ღონისძიებების ჩატარების საკმაოდ დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს და მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს,  ჰქონდეთ საშუალება პირველი ხელიდან მიიღონ სამეცნიერო ინფორმაცია და შეუერთდნენ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობასა და თანამეგობრობას“,- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ მერაბ ელიაშვილმა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მარინე ჩიტაშვილის თქმით, „ეს კონფერენცია არის ფაქტობრივად გაგრძელება იმ ტრადიციისა, რომელიც საქართველოში არსებობს თითქმის 30 წელზე მეტია. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეს სკოლა ორიენტირებულია ახალგაზრდა მეცნიერებზე, მათ წაუკითხავენ ლექციებს და ექნებათ წვდომა ყველაზე უფრო მაღალი ინდექსის მქონე მეცნიერებთან. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ხელს ვუწყობთ აკადემიური ქსელის განვითარებას, ინტერნაციონალიზაციას და აკადემიური ხარისხის ზრდას კვლევებში.“
„შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ტიპის კონფერენცია ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მცირეთაგანია, რომელიც ჩვენს რეგიონში ტარდება. ეს არის არამარტო საკმაოდ წარმომადგენლობითი კონფერენცია თეორიულ ფიზიკაში, არამედ სკოლა დოქტორანტებისთვის. ჩვენ გვყავს საკმაოდ ბევრი დოქტორანტი, რომელიც ამ მიმართულებით სპეციალიზდება და მათ აქვთ საშუალება, რომ მოისმინონ თავის დარგში წამყვანი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ლექციები, რომლებიც სპეციალურად მათთვის არის გამიზნული, რაც მათი სამომავლო განვითარებისთვის და კარიერული ზდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“,- აღნიშნა  აკაკი რუსეცკიმ (ბონის უნივერსიტეტი, გერმანია).
კონფერენციაზე განიხილეს თანამდეროვე თეორიული ფიზიკის საკითხების ფართო სპქეტრი. ქართველ ფიზიკოსებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვან სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები, რომელთა ნაწილს მჭიდრო კავშირი აქვს კავკასიის რეგიონთან.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი სტუდენტები და მათთვის ლექციებს წაიკითხავს სამი გამოჩენილი მეცნიერი, მათ შორის გია დვალი.
ღონისძიების მიზანია ფუნდამენტალურ კვლევებში ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვა და უცხოეთში მოღვაწე წარმატებული სწავლულების სამეცნიერო კავშირების გამყარება საქართველოსთან და ზოგადად რეგიონთან.  ამასთან ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ უცხოელ ახალგაზრდა მეცნიერთა გამოცდილება და გაცვალონ მათთან სამეცნიერო იდეები.
ღონისძიება ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ტრიესტის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის (ICTP) თანადაფინასებით, ხოლო მას ორგანიზებას უწევს თბილისის სახელმწიფო და თავისუფალი უნივერსიტეტები.
კონფერენცია 27 სექტემბრამდე გასტანს.

Print

« იხ. ყველა სიახლე