საერთაშორისო პროექტ ერასმუს მუნდუსის რეგიონალური კონფერენცია
3 სექტემბერს, სასტუმრო ამბასადორში სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლითი საერთაშორისო პროგრამის – ერასმუს მუნდუსის – რეგიონალური კონფერენცია გაიხსნა. 6 სექტემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტ ერასმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა ლოტ 6-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტთა კონსორციუმის წევრთა შეხვედრას მასპინძლობდა. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია ევროპის საგანმანათლებლო უნივერსიტეტებსა და სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებს შორის სასწავლო და სამეცნიერო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაფართოვება. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ დაეუფლონ უცხო ენას, მონაწილეობა მიიღონ სემინარებში, პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სამეცნიერო მივლინებებში. ბაკალავრიატისა და სამაგისტრო ეტაპის სტუდენტებისათვის გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს, ხოლო დოქტორანტებისათვის – 1 500 ევროს ოდენობით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში.
რეგიონალური კონფერენციისთვის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთიდან და იტალიიდან ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებმაც შეხვედრები საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლებთან გამართეს.
კონფერენციის გახსნას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და ევროკომისიის ელჩი საქართველოში პერ ეკლუნდი დაესწრნენ.
კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია, რითაც აღინიშნა საქართველოს და ევროკავშირს შორის განათლების სფეროში მობილურობის გაზრდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი – ინგა ცინცქილაძე და თინათინ ზოიძე ერასმუს მუნდუსის საერთაშორისო პროგრამის 2007-2008 წლების საუკეთესო ქართველ სტუდენტებად იქნენ აღიარებულნი. ერასმუს მუნდუსის საერთაშორისო პროექტში 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტმა და პროფესორმა მიიღო მონაწილეობა.
პროექტ ერასმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა ლოტ 6-ში საქართველოს წარმოადგენენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.