2011-03-03

თსუ-სა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი მრავალფეროვანი საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიოში გაზრდილი სოციალურ-კულტურული მოთხოვნების ფონზე განათლებაში შესაბამისი კრიტერიუმების შემუშავება და განხორციელებაა. კერძოდ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2011-2012 სასწავლო წლიდან არჩევითი საგნის - ”მსოფლიო კულტურა” – დანერგვის დაწყება.

ღონისძიებაზე თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ „საჯარო სკოლებში „მსოფლიო კულტურის“ სწავლების შემოღება, პირველ რიგში, ქვეყანას წაადგება. ამავე დროს დაეხმარება მომავალ სტუდენტებს მსოფლიო ცივილიზაციაში გარკვევასა და საკუთრი ხედვებისა და გემოვნებების ჩამოყალიბებაში.“ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის ნათია ჯოხაძის ინფორმაციით, მეოთხე არჩევით საგნად „მსოფლიო კულტურის“ პილოტირება რამდენიმე საჯარო სკოლაში მოხდა, რომლის დროსაც ცენტრმა მშობლების, მასწავლებლების მრავალი შენიშვნა მიიღო. „მომავალი სასწავლო წლიდან ცენტრი წიგნებითა თუ საჭირო თვალსაჩინოებებით დაეხმარება იმ სკოლებს, რომელმაც ამ არჩევითი საგნის სასწავლო პროგრამაში შეტანა გადაწყვიტა“ _აღნიშნა ნათია ჯოხაძემ. მემორანდუმს ხელი  თსუ-ის ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიქოვანმა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ მოაწერეს. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, საჯარო სკოლების წარმომადგენლები და თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. 
Print

« იხ. ყველა სიახლე