ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-01-23

საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდა სპარსულ ენაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა სამფას (SAMFA - სპარსული ენის კომპეტენციების დონის შეფასება) ტესტირებაში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს მოქალაქეებს პირველად მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდაში სპარსულ ენაში. სამფა (SAMFA - სპარსული ენის კომპეტენციების დონის შეფასება) უმნიშვნელოვანესი გამოცდაა, რომლის მიზანია სპარსული ენის შემსწავლელთა ცოდნის დონის განსაზღვრა. ეს ტესტირება ინგლისური ენისთვის დადგენილი TOEFL და  IELTS-ის ანალოგიურია, მას გეგმავს და ატარებს ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტრო. სამფას გამოცდის ჩაბარების შედეგად მოპოვებული სერტიფიკატი საერთაშორისოა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპარსული ენის კომპეტენციის დონის დამადასტურებელ ავტორიტეტულ დოკუმენტად ითვლება. სამფას გამოცდა უკვე ოთხჯერ ჩატარდა ირანში, 2019 წელს კი პირველად გაიმართა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სასიხარულოა, რომ ამ მიზნით საქართველო შერჩეულ იქნა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  ცენტრად უცხოეთში.

სამფას გამოცდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ერთდროულად ტარდება. წელს თბილისში 18 იანვარს სამფას ტესტირებას ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებამ უმასპინძლა. გამოცდის პროცესს ესწრებოდნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს, ირანის მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტროს წარმომადგენლები და თსუ-ის ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელი.

სამფას გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდა: დღის პირველ ნახევარში  შემოწმდა გამოსაცდელთა მოსმენის, კითხვისა და წერის უნარი, ხოლო დღის მეორე ნახევარი მათთან გასაუბრებას დაეთმო. 

აღსანიშნავია, რომ სამფას ტესტირებაში მონაწილეობდა 18 მსურველი, რომელთაგან უმეტესობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული იყო.


Print

« იხ. ყველა სიახლე