2015-02-25

თსუ-ში ჩინური ენისა და კულტურის ოთახი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინური ენისა და კულტურის ოთახი გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუე ბინი, თბილისის ვიცე-მერი ალუდა გოგლიჩიძე, საქართველოში კომპანია HUAWEI-ს წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები დაესწნენ. ჩინური ენისა და კულტურის ოთახი კომპიუტერული ტექნიკითა და საჭირო ავეჯით საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და HUAWEI-ს წარმომადგენლობის თანადგომით აღიჭურვა.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „რამდენიმე თვის წინ ჩინეთის ელჩი შეგვპირდა, რომ უნივერსიტეტში ჩინური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაში დაგვეხმარებოდა. სასიამოვნოა, რომ ეს დაპირება შესრულდა და „ჰუავეის“ დახმარებით აღიჭურვა აუდიტორია, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ თსუ სტუდენტებს, არამედ მდიდარი ჩინური კულტურით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ისარგებლოს ამ ცენტრით. დარწმუნებული ვარ ჩვენი სტუდენტები მაქსიმალურად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს.“
„საქართველო და ჩინეთი დიდი ხანია თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საგანმანათლებლო კუთხით. ცენტრის გახსნა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ უწყობს ხელს ჩვენი პარტნიორი ქვეყანა განათლების ხარისხის ამაღლებას; მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში კერძო კომპანიაა ჩართული. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ხელშეკრულების თანახმად, მნიშვნელოვნად გააქტიურდება სტუდენტთა მობილობა. ჩვენმა სტუდენტებმა წარმატებით უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა,“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
„მოხარული ვართ, რომ თსუ-ში გაიხსნა ჩინური ენისა და კულტურის ცენტრი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და საქართველო გეოგრაფიულად ძალიან შორსაა ერთმანეთისგან, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებმა ჩვენს შორის მანძილი კიდევ უფრო შეამცირა. თსუ სტუდენტებს, რომლებიც ჩინურ ენას სწავლობენ, ფართო შესაძლებლობები ეძლევათ. მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე გაიზარდა ჩინეთის მთვრობის სტიპენდიების რაოდენობა. ჩინეთის საელჩოს გადაწყვეტილებით, თსუ-დან წელს ნაცვლად ერთი სტუდენტისა სამი სტუდენტი გაემგზავრება ჩინეთში სასწავლებლად. საელჩოსა და კომპანია HUAWEI-ს საჩუქარი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში ჩინური ენის სწავლებას. იმედი მაქვს, ეს სტუდენტები იქნებიან ჩვენი ქვეყნის მეგობრობის გამგრძელებლები და საკუთარ კარიერულ წინსვლას შეუწყობნენ ხელს,“-განაცხადა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუე ბინმა.
„კომპანია „HUAWEI“ 2001 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში. გვიხარია, რომ თსუ ჩინური ენისა და კულტურის ცენტრს ვეხმარებით და კიდევ უფრო მეტ სტუდენტს ვაძლევთ ჩინური ენის სწავლის საშუალებას. იმედია, ეს ცენტრი ბევრ წარმატებულ სინოლოგს გაზრდის,“- აღნიშნა HUAWEI-ს წარმომადგენელმა საქართველოში მარკო სუმ.
თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა ნანა გელაშვილმა ღონისძიებაზე ისაუბრა სინოლოგიის მოდულზე უნივერსიტეტში. „ჩინური ენის გარდა სინოლოგიაზე ისწავლება ჩინური კულტურა, ისტორია, ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრებები, ეკონომიკა. სინოლოგიისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება - ამ მიმართულებაზე სტუდენტების სულ უფრო მზარდი რაოდენობაა. ჩინეთის საელჩოს სასიამოვნო სიურპრიზი - 3 სტუდენტის გაგზავნა სასწავლებლად ჩინეთში, ძალიან დიდი სტიმულია ჩვენი სტუდენტებისთვის,“- განაცხადა პროფესორმა ნანა გელაშვილმა.
HUAWEI მსოფლიოში  ლიდერი კომპანიაა ინფორმაციული და  საკომუნიკაციაო ტექნოლოგიების თვალსაზრისით.  მისი ტელესაკომუნიკაციო და IT პროდუტები და გადაწყვეტილებები გამოიყენება 170 ქვეყანაში.  გაყიდვების თვალსაზრისით კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 2013 წლისთვის 39. 6 მილიარდი შეადგინა და 285-ე ადგილზეა მსოფლიოს 500 საუკეთესო სამრეწველო კომპანიას შორის. ხოლო ICT ტექნიკის მწარმოებლებს შორის მას უდაოდ პირველი ადგილი უკავია. HUAWEI  წლიური შემოსავლის 10 პროცენტს აბანდებს კვლევებისა და ტექნოლოგიების შემუშევების კუთხით, რაშიც კომპანიიის 150 000 თანამშრომლის 45 პროცენტია ჩართული. პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით კომპანია ცდილობს შექმნას ეფექტიანი და ინტეგრირებული ციფრული ლოჯისტიკის სისტემა. გარემო, სოციალური პასუხისმგებლობა, მწვანე ტექნოლოგიები (გარემოს დაცვა), სწავლისა და ცოდნის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა, ადამიანზე და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჰუავეის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულება ორ მოდულს - სინოლოგიას (ჩინური ენა, კულტურა, ჩინეთის ისტორია) და იაპონისტიკას მოიცავს. სინოლოგიის მიმართულებაზე  ამჟამად ოცდაათამდე სტუდენტი სწავლობს, რომელთაც ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან  ერთად ჩინელი სპეციალისტები ასწავლიან ჩინურ ენასა და კულტურას.
გასულ წელს, ჩინეთის ელჩის იუე ბინის ინიციატივით თსუ-ს ჩინური ენის სახელმძღვანელოები და ჩინეთის შესახებ ლიტერატურა გადმოეცა.

Print

« იხ. ყველა სიახლე