2014-07-01

იურიდიული ტერმინოლოგიის რუსულ-ქართული ლექსიკონი-ცნობარის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ტერმინოლოგიის რუსულ-ქართული ლექსიკონი-ცნობარის პრეზენტაცია გაიმართა. ლექსიკონი-ცნობარის ავტორები არიან თსუ პროფესორები ხატია ხატიაშვილი და ნათია ამირეჯიბი. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს, ლევან სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და პროკურატურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ნებისმიერი საცნობარო ტერმინოლოგიური ლექსიკონი აუცილებელია მეცნიერების განვითარებისთვის; ჩნდება ახალი ტერმინები, რომელთა ფორმირება, ქართული შესატყვისების მოძიება-შექმნა საკმაოდ რთული საქმეა. მნიშვნელოვანია, რომ თსუ-ში შეიქმნა იურიდიული ტერმინოლოგიის რუსულ-ქართული ლექსიკონი-ცნობარი. ეს ლექსიკონი-ცნობარი გამოადგება სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის ხელს შეუწყობს მსგავსი შინაარსის საგანმანათლებლო ლიტერატურის გამოცემას.“
„ამ შინაარსისა და მიმართულების ლექსიკონი-ცნობარი პირველად გამოიცა საქართველოში. აქამდე არსებობდა 1963 წელს მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემული ცნობარი. ეს გამოცემა უფრო სრულყოფილია, შევსებულია თნამედროვე ტერმინოლოგიით; მასში 5 ათასი სიტყვა-სტატიაა თავმოყრილი. გამოცემა სასწავლო ხასიათისაა და უკვე სარგებლობს დიდი ინტერესით,“- აღნიშნა ლექსიკონი-ცნობარის ერთ-ერთმა ავტორმა, თსუ პროფესორმა ხატია ხატიაშვილმა.
იურიდიული ტერმინოლოგიის რუსულ-ქართული ლექსიკონი-ცნობარი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში შესულია ზოგიერთი იურიდიული ტერმინის მნიშვნელობა; მეორე ნაწილში მოცემულია იურიდიული ტექსტებისათვის დამახასიათებელი სახელობითი შესიტყვებებისა და გამონათქვამების განმარტებები; მესამე ნაწილი ეთმობა იურისპრუდენციაში გამოყენებადი ტერმინებისა და სიტყვების ლექსიონს.
ლექსიკონი-ცნობარი სასწავლო ხასიათისაა და განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტისა  და თარგმანმცოდნეობის მოდულის სტუდენტთათვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისათვის, კონკრეტული დარგის პრაქტიკოსი მთარგმნელებისა და თარჯიმნებისათვის და იმ პირთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ან რაიმე სახის შეხება აქვთ იურიდიულ ტერმინოლოგიასთან.

Print

« იხ. ყველა სიახლე