2013-11-22

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და „მაიქროსოფთ საქართველოს“ შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  „მაიქროსოფთ საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორის მოადგილემ მარინე ჩიტაშვილმა და „მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის მოადგილის  მარინე ჩიტაშვილის თქმით,  „ ეს  ხელშეკრულება წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს თუ როგორ თანამშრომლობენ დიდი კორპორაციები სასწავლო დაწესებულებებთან. ეს არის მათი კორპორაციული ინტერესი,  რომ განათლებაში ჩადონ ინვესტიცია. ჩვენთვის კი „ნოუ-ჰაუ“, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს სწავლებისათვის და უკეთესად მომზადებული ადამიანები  გახდნენ კონკურენტუნარიანები მსიოფლიო ბაზარზე.  შემოთავაზებული წინადადება, რომ „მაიკროსოფთ საქართველომ“ და უნივერსიტეტმა ითანამშრომლონ  ტექნოლოგიების სწავლების, მოხმარების და განვითარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ.  იმედი მაქვს, რომ დღე თუ ეს არის ინტერესების დამთხვევა, ერთი წლის შემდეგ ჩვენ გვექნება უკვე წინ წასული საქმე“.
„მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და იმედია უნივერსიტეტისთვისაც. დღეს ჩვენ  ხელი მოვაწერეთ მრავალწლიან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც მაიკროისოფთის მხრიდან შემოთავაზებული იქნება თანამედროვე  ტექნოლოგიები სტუდენტებისთვის, მათ მიეცემათ შესაძლებლობა ისწავლონ და გამოიყენონ ჩვენი ტექნოლოგიები და იყვნენ უფრო თანამედროვეები“, - განაცხადა „მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალურმა  მენეჯერმა დავით ასათიანმა.
ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტი და მაიკროსოფტი აღიარებენ უმაღლესი აკადემიური და პროფესიული განათლების სფეროში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წვდომისა და გამოყენების გაუმჯობესების საჭიროებას.  მხარეები ერთობლივად იმუშავებენ  საგანმანათლებლო სექტორში სათანადოდ ლიცენზირებული პროგრამების გამოყენების მხარდაჭერისთვის. უნივერსიტეტი მაიკროსოფტის დახმარებით  გაავრცელებს ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების უფლების მნიშვნელობისა და საგანმანათლებლო სექტორში პროგრამების სათანადო გამოყენების შესახებ.

Print

« იხ. ყველა სიახლე