2014-11-26

„პრაქტიკული ანთროპოლოგია“ - პრეზენტაცია

ფიზიკურ ანთროპოლოგიაში ქართულ ენაზე შექმნილი პირველი სახელმძღვანელოს - „პრაქტიკული ანთროპოლოგია“ პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია სახელმძღვანელოების გამოცემა, რადგან სახელმძღვანელოები არის ის, რითიც უნდა მიიღონ უმაღლესი განათლება ჩვენმა სტუდენტებმა. ანთროპოლოგიაში გამოცემული ეს ახალი სახელმძღვანელო, არის პირველი ქართულ ენაზე შესრულებული სახელმძღვანელო, რომელიც საკმაოდ საინტერესოა.  ვფიქრობ, ამ ეტაპზე, სტუდენტებს ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს და შემდეგ დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე, მოხდება ამ სახელმძღვანელოს სრულყოფა.“
„ჩვენი სურვილია, რომ ქართულ ენაზე არსებობდეს სახელმძღვანელოები, მონოგრაფიული წიგნები, რათა დამკვიდრდეს და გავაცნობიეროთ ის, რაც ჩვენ დღეს მოვიპოვეთ ამ დარგში და გადავცეთ შემდგომ თაობებს. წიგნი ეყრდნობა იმ ფაქტობრივ მასალას, რომელიც დაცულია ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიაში; გარდა ამისა, მასში ჩართულია მეთოდური ნაშრომები,  რომელიც უკვე შეჯერებულია მსოფლიო მეცნიერებს შორის. ეს არის თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში  მიღებული შედეგების გააზრება ქართულ ენაზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია კავკასიოლოგებისათვის და ზოგადად ანთროპოლოგიით დაინტერესებული მაგისტრებისთვის, დოქტორანტებისა თუ მკვლევრებისათვის. ვფიქრობ, რომ ეს გახდება სამაგიდო წიგნი არქეოლოგებისთვისაც,“-აღნიშნა სახელმძღვანელოს ავტორმა, თსუ ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ლიანა ბითაძემ.
„პრაქტიკული ანთროპოლოგია“ამ მიმართულების პირველი სახელმძღვანელოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მასში საუნივერსიტეტო სწავლების მეთოდების გათვალისწინებით წარმოდგენილია თანამედროვე ფიზიკურ (ბიოლოგიურ) ანთროპოლოგიაში საყოველთაოდ აღიარებული  კვლევების შედეგები. სახელმძღვანელო ითვალისწინებს  უცხოელ ავტორთა, ასევე ქართული ანთროპოლოგიური სკოლის უახლეს კვლევათა მონაცემებს. სახელმძღვანელო გამოიცა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის  ბაზაზე.
„პრაქტიკული ანთროპოლოგია“ ავტორთა კოლექტივის მიერ არის შექმნილი (ლ. ბითაძე, ო. ცეცხლაძე, შ. ლალიაშვილი, მ. ჭკადუა, ე. კაკაბაძე) და არა მხოლოდ სახელმძღვანელოა სტუდენტებისათვის, არამედ არის კვლევათა შედეგების ახლებური გააზრება და საეტაპო ნაშრომი კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის შესწავლის თვალსაზრისით.

Print

« იხ. ყველა სიახლე