2015-12-22

ახალი დისტანციური სწავლების კურსი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმსი გაფორმებით თსუ-ში დისტანციური სწავლების ახალი კურსი შეიქმნა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ დირექტორმა ჯერემი გასკილმა მოაწერეს.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტს მემორანდუმი ადრეც ჰქონდა გაფორმებული ორგანიზაციასთან „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“. არსებულ მემორანდუმს სჭირდება განახლება. მემორანდუმი ჩვენს სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულებით იმ პედაგოგების გადამზადება მოხდება, რომლებიც შემდგომ შშმ ბავშვებთან იმუშავებენ  ძირითადად რეგიონებში. ამ ორგანიზაციაში ჩვენი დოქტორანტებიც არიან გაწევრიანებულნი, რომლებიც იქნებიან ტრენერები.“
„ჩვენთვის დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობა. ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომელთა უმეტესობა ამ უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ეს კურსი იქნება დამხმარე. თუმცა, ამ კურსში შეიძლება ჩაერთონ არაფსიქოლოგებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან,“- აღნიშნა ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ დირექტორმა ჯერემი გასკილმა.
„უნივერსიტეტისთვის ეს კურსი ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომისთვის იგეგმება სხვა მრავალი დისტანციური კურსის შექმნა, ძირითადად რეგიონებისთვის,“- აღნიშნა თსუ დისტანციური სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა ბარბაქაძემ.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება ერთის მხრივ, უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების განვითარებაზე და, მეორეს მხრივ, დაეხმარება „მაკლეინის ასოციაციას ბავშვებისთვის“ დისტანციური კურსების საშუალებით განავითაროს საკუთარი საქმიანობა და გახადოს იგი უფრო მოქნილი; უნივერსიტეტის სტუდენტებს აღნიშნული კურსების გამოყენება შეეძლებათ უსასყიდლოდ; დისტანციური კურსი წარმოადგენს მხარეთა ერთობლივ საგანმანათლებლო კურსს, რომლის წარმატებით დაძლევის შედეგად გაიცემა ერთობლივი სერთიფიკატი.



Print

« იხ. ყველა სიახლე