2011-05-20
20 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური ორგანიზაცია “ემსა თსუ”-სა (ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია) და თსუ სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ეგიდით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობას მედიცინის სფეროს ცნობილი მოღვაწეები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებენ. კონფერენციაზე პროფესორებთან ერთად სტუდენტებიც წარდგნენ.
„მსგავსი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სტუდენტები პროფესორებთან ერთად აკეთებენ მოხსენებებს, შესაბამისად, მათ გამოცდილებას იზიარებენ, ამასთან იღებენ უფრო მეტ საინტერესო და ახალ ინფორმაციას პირველი პირებისგან, რომლებიც წარმატებულნი არიან მედიცინის სფეროში“, – განაცხადა თსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ალექსანდრე ცისკარიძემ.
კონფერენციის პირველ დღეს გაკეთდა მოხსენებები გლობალური ჯანმრთელობის ტენდენციების და მედიცინაში ნანოტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
“პლასტიკური ქირურგია ეს არ არის მარტო სილამაზის ქირურგიაა, ის მოიცავს რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგიას, რაც მას მეტ მნიშვნელობას სძენს. მსურს ჩემი გამოცდილება გავუზიარო სტუდენტებს და ვუთხრა მათ, რომ მიღებული ცოდნა და პრაქტიკა მათი წარმატების გარანტი იქნება“, – აღნიშნა პროფესორმა ივა კუზანოვმა.
კონფერენციის მეორე ნაწილი ბაზალეთის ტბაზე გაგრძელდება. კონფერენციის დასასრულს გაიმართება მონაწილე სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია, სერტიფიკატებთან ერთად მათ სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი პრემია გადაეცემათ.
აღნიშნული კონფერენცია „ემსა თსუ“–ს ერთი წლის იუბილეს დაემთხვა. ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია – თსუ 2010 წლის 20 მაისს ჩამოყალიბდა და ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი სპეციალური აქცია და პროექტი განახორციელა.
« იხ. ყველა სიახლე