2010-12-23

საქართველოს საკარიერო სერვისის ფორუმი

22 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა საქართველოს საკარიერო სერვისის დასაქმების ფორუმი. ფორუმის მიზანი უცხოეთში უმაღლესი განათლება მიღებული (ან სტაჟირება გავლილი) საქართველოს მოქალაქეებისა და თსუ-ის დამამთავრებელი კურსების სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების დასაქმებაა. ფორუმზე წარმოდგენილი ფირმებისა და კომპანიების ადამიანური რესურსების მენეჯერები გაესაუბრნენ დასაქმების მსურველებს, რის შემდეგაც მათი კანდიდატურები გადაეცემა შესაბამის დამსაქმებლებს. დაინტერესების შემთხვევაში ჩატარდება ტრენინგები. თსუ-ის რექტორის მოვალეობის სემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ქვეყანაში დასაქმებასთან ერთად პროფესიონალების დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება: "საქართველოში კადრების კუთხით სერიოზული პრობლემაა. ძნელია კვალიფიციური შრომითი რესურსის პოვნა. თუმცა, გააჩნია ვინ როგორ ეძებს. თსუ-ს ბევრი წარმატებული სტუდენტი და კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც ასეთივე წარმატებით სწავლობენ უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში. სწორედ ასეთი კადრები უნდა დასაქმდნენ წარმატებულ კომპანიებში." საქართველოს საკარიერო სერვისის ხელმძღვანელის ირმა წერეთლის ინფორმაციით, საქართველოში დაბრუნებული პროფესიული კადრების პროგრამა 2007 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში 150-ზე მეტი მსურველი დასაქმდა, ხოლო 100-მდე საზღვარგარეთ კურსდამთავრებულმა ხელფასზე დანამატის სახით ფინანსური დახმარება მიიღო.

Print

« იხ. ყველა სიახლე